ახალი ამბები
,,ევროპასთან თანამშრომლობა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის არჩევანია''
,,ევროპასთან თანამშრომლობა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის არჩევანია'' - ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადება დღეს, 8 მარტს საღამოს გაავრცელეს. მასში ვკითხულობთ:

,,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ევროპასთან ინტეგრაციისა და ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის პროცესი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად, ევროპის უნივერსიტეტებთან, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის პროცესის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირის ქოლგის ქვეშ მყოფ ინსტიტუციებთან, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), გაეროს ბავშვთა ფონდთან და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამჟამად ჩართულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ 11 პროგრამაში: ინსტიტუციური განვითარების (CBHE) 3 პროექტი; 1 ჟან მონეს მოდული („აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“); ერასმუს +-ს საერთაშორისო კრედიტ მობილობის 7 პროგრამა.

ზემოაღნიშნულ საერთაშორისო პროექტებში ჩართულები არიან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების აკადემიური/ ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები, რომლებიც აკადემიური მობილობის გზით ახდენენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ერთიანი ევროპული საგნამანათლებლო სივრცის განვითარებისა და ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების განმტკიცებისთვის.

ევროპული ღირებულებები, ევროპასთან თანამშრომლობა და ევროპულ საგნამანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის არჩევანია'' - წერია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები