ახალი ამბები
საპროტესტო აქციების შედეგად პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტს გაიწვევენ
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

"ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი", - წერია პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მმართველი პარტიის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება მიიღეს „კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების“ გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები