ახალი ამბები
კასპში დისკვალიფიცირებული მშენებელი ჩივის, რომ მასალები ტენდერში გამარჯვებამდე შეიძინა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში სტადიონის მშენებლობის ტენდერში ინდმეწარმე ვახტანგ კუჭაშვილს დისკვალიფიკაცია მისცეს.

ინდმეწარმე წერს, რომ ეს დისკვალიფიკაცია მისი ორგანიზაციის მატერიალურ და ფინანსურ ზარალს გამოიწვევს, რადგან საჭირო მასალები წინასწარ აქვს შეძენილი.

როგორც ირკვევა, დისკვალიფიკაციის მიზეზი ინჟინერთან გაფორმებული ხელშეკრულების არასწორი ვადები გახდა.

ხელშეკრულება დაიდო 2023 წლის 2 მარტს, ხოლო დასრულების თარიღად ასევე 2 მარტი უწერია. ვახტანგ კუჭაშვილი ამბობს, რომ ეს იყო მექანიკური შეცდომა.

იგი ითხოვს, რომ გაუქმდეს დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება:

,,ამავე მუნიციპალიტეტში ვაწარმოებთ ზუსტად ანალოგიურ - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში ხელოვნურსაფარიანი მოედნის ბეტონზე მოწყობის სამუშაოს, სადაც ასევე ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს იმავე ინჟინერთან. პარალელურად აღნიშნული ობიექტისთვისაც შევიძინეთ საკმაოდ მსხვილი თანხის საჭირო მასალები, დისკვალიფიკაცია აღნიშნული ტენდერიდან გამოიწვევს ორგანიზაციის მატერიალურად და ფინანსურად დაზარალებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება და დააკმაყოფილოთ ჩვენი საჩივარი.'' - წერს ვახტანგ კუჭაშვილი.

სოფელ ახალციხეში მინისტადიონის მშენებლობისთის 98 000 ლარია გამოყოფილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები