ახალი ამბები
“ამბის თხრობა ეფექტურად” – გორში ღია მონაცემების ფორუმი გაიმართა
სამოქალაქო საზოგადოების და მედიის როლზე საუბრით დაიწყო გორში ღია მონაცემების ფორუმი, რომელიც ნეო ტვ-ს წარმომადგენელმა, ეკა სუხიშვილმა გახსნა. ღონისძიება ForSet – ის მხარდაჭერილი პროექტის შეჯამებას მიეძღვნა, სადაც მისმა მონაწილეებმა მიღებული გამოცდილების შედეგად მომზადებული ნამუშევრები წარმოადგინეს. პროექტის მონაწილეებმა ინტენსიური ტრენინგ-სემინარების შემდეგ სხვადასხვა უწყებისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, გამოიყენეს ასევე პორტალი askgov.ge, სადაც უკვე გამოთხოვილი და ხელმისაწვდომია 1300-ზე მეტი საჯარო ინფორმაცია.

მოძიებული მონაცემების დამუშავებისა და ვიზუალიზაციაში გადატანასთან დაკავშირებით მათ ახალი უნარები შეიძინეს და ამ მიმართულებით ცოდნა გაიუმჯობესეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპრეზენტაციო თემებად შიდა ქართლისთვის აქტუალური საკითხები შეირჩა, რაზეც შემდეგ ინფოგრაფიკები ააწყეს. ფორუმს მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენელი, თეონა თომაშვილიც დაესწრო. შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო.

მომხსენებლებმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობის შესახებ არსებული შესაძლებლობები მიმოიხილეს და ქვეყანაში ამ მხრივ ბოლო დროს განვითარებული პროცესებიც შეაფასეს. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, აქტიური სამოქალაქო სექტორის და მედიის მუშაობა სწორედ გამჭვირვალობას და ქვეყანაშ დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს, ამ პროცესში კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის ეფექტურად გავრცელება სამიზნე აუდიტორიაზე უფრო მეტ გავლენას ჰპოვებს.

ღია მონაცემების ფორუმი შიდა ქართლში პირველად ჩატარდა, ნეო ტვ-მ ეს პროექტი „ForSet“-ის მხარდაჭერით განახორციელა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარტნიორული მუშაობის გაგრძელებაზე მზად ყოფნა გამოთქვეს და საზოგადოებას ამ მხრივ მეტ სიახლეს და შესაძლებლობების გაზიარებას დაპირდნენ. რაც შეეხება პროექტის ფარგლებში მომზადებულ ინფოგრაფიკებს, ნეო ტვ საკუთარ ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელში მას ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

წყარო: ნეო ტვ

Print

სტატიის გამოყენების პირობები