ახალი ამბები
POSTV-ს უნდა უნდა ახსოვდეს მედიის როლი და დანიშნულება - ქარტია
პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ.

ამის თაობაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით:

,,იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა სწორედ ეს მედია ასრულებს. ამასთან, არის დისკუსიები, რომლის მიზანიც მხოლოდ ევროსკეპტიციზმის გაზრდაა მოსახლეობაში.

მედიის როლი არ არის კონკრეტული პირების მიმართ მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება. მედია ხელს არ უნდა უწყობდეს სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებას.

ამასთან, მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, არ უნდა ცდილობდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ქვეყნის კურსის საწინააღმდეგო კამპანიების წარმოებას.

მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია.

გარდა ამისა, მედია ვალდებულია დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის POSTV-ის, უნდა ახსოვდეს მედიის როლი და დანიშნულება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები