ახალი ამბები
გორში თანამედროვე ტიპის შუქნიშნების მონტაჟი 31 მაისამდე დასრულდება
გორში ახალი შუქნიშნების მონტაჟი 31 მაისამდე დასრულდება. ამის შესახებ გორის მერიასა და კომპანია ,,გზაჯვარედინს'' შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება.

ხელშეკრულებაში მეოთხე ცვლილების მიხედვით, კომპანია ,,გზაჯვარედინს'' ჭირდება 3 კვირა იმისათვის, რომ საზღვარგარეთიდან შშმ პირებისათვის საჭირო გამაფრთხილებელი მოწყობილობები ჩამოიტანოს.

როგორც კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ გაბელაია აღნიშნავს, გათვალისწინებული იყო 8 მოწყობილობა, თუმცა საჭიროა - 16 ცალი.

,,პროექტი ითვალისწინებს ჯამში 8 ერთეული შშმ პირების გამაფრთხილებელი მოწყობილობის მონტაჟს, მაშინ როცა ორივე მონაკვეთზე ჯამში საჭიროა 16 ერთეული მოწყობილობის მონტაჟი. გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ეკონომიით გამოთავისუფლებული თანხებით შესაძლებელია დამატებით 8 ერთეული შშმ პირების გამაფრთხულებელი მოწყობილობის მონტაჟი, რაზედაც წარმოგიდგენთ შედარებით უწყისსა და კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვას სახელშეკრულებო თანხიდან გაუსვლელად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული მოწყობილობის შეძენა ხდება საზღვარგარეთ, რის დასამზადებლად და ჩამოსატანად კომპანიას ესაჭიროება დამატებით 3 კვირა და ზემოაღნიშნულზე თქვენი თანხმობის შემთხვეაში, აუცილებლობას წარმოადგენს სამუშაოების მიწოდების ვადის გადაწევა არანაკლებ 3 კვირით'' - სწერს კომპანიის დირექტორი გორის მერს.

გორის მერმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, კომპანიას სამუშაოების დასასრულებად ვადა 31 მაისამდე მისცა. თანამედროვე ტიპის შუქნიშნების მონტაჟი ქ. გორში ცხინვალის გზატკეცილის, პუშკინისა და ტყვიავის ქუჩების კვეთაზე, სტალინის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის კვეთაზე ეწყობა.

გორში, ორ ლოკაციაზე შუქნიშნების მონტაჟი 2022 წლის დეკემბერს დაიწყო და 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო. პროექტის ღირებულება 365 00 ლარია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები