ახალი ამბები
უკრაინის ომში დაიღუპა მიხეილ მაზანაშვილი - ის გორის სოფელ ზერტიდან იყო
რადიო თავისუფლების ცნობით, 31 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, სავარადუდო, ჭურვის აფეთქების შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მიხეილ მაზანაშვილი წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ის უკრაინაში იბრძოდა.

„ხვალ მისი დაბადების დღეა. უკრაინაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. უკრაინელი ცოლი ჰყავდა. პატრიოტი ადამიანი იყო“.

მიხეილ მაზანაშვილი გორიდან, სოფელ ზერტიდანაა. ოჯახის ინფორმაციით, 29 წლის ქართველ მებრძოლს საქართველოში გადმოასვენებენ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ და "განხორციელდება შესაბამისი პროცედურები".

უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 39 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

წყარო: რადიო თავისუფლება
Print

სტატიის გამოყენების პირობები