ახალი ამბები
გორის ,,რესტო-ბარი'' სანქცირებულ მოსამართლეებს რესტორანში შესვლას უკრძალავს
,,რესტო-ბარ ბლექ სტარსი უერთდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებს და უკრძალავს სანქცირებულ მოსამართლეებს რესტო ბარის ტერიტორიაზე შემოსვლას, '' - აღნიშნულია რესტორნის ადმინისტრაციის განცხადებაში.

რესტორნის მფლობელი სოსო ბაბაევი სანქცირებულ მოსამართლეებს ურჩევს, რომ წავიდნენ ტაგანროგში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. როგორც სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.

"დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. Ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად", - წერია განცხადებაში.

სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები