ახალი ამბები
სამი წელი სასმელი წყლის პროექტის დაწყების მოლოდინში
უკვე სამი წელია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ ქვახვრელის სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას აგვიანებს.

ამის მიზეზი შეუსაბამო დოკუმენტაციის შედგენა, ხარვეზიანი პროექტირება, დაგვიანებული ექსპერტიზა და ა.შ. გარემოებები ხდება.

მიმდინარე წელს, ხელშეკრულება 2016 წლის 14 აპრილს უნდა გაფორმებულიყო. 

თუმცა, გამგეობამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ისეთი საბუთის წარდგენა მოსთხოვა, რომლის აუცილებლობას სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებდა.

გამგეობამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების ღირებულების 10%-იანი საბანკო გარანტიის წარდგენა მოსთხოვა.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ტენდერის დროს, სამუშაოების ღირებულება 787 963 ლარზე შეთანხმდა, შპს ,,ექსტერნს" ამ თანხის 10%-იანი საბანკო გარანტიის ცნობა უნდა წარედგინა.

ამის გამო, კომპანიამ  2016 წლის 16 აპრილს დავების საბჭოს მიმართა.

დავების საბჭოში შეტანილი საჩივრის მიხედვით, საბანკო გარანტია 4%-იანი უნდა ყოფილიყო.

განხილვისას გაირკვა, რომ საბანკო გარანტია 10%-ზე იმ შემთხვევაში ადის, თუკი, ტენდერზე კომპანია ფასების შეთავაზების დროს, საწყისს ფასს 20%-ით აკლებს.

20%-იანი კლება კი არ დაფიქსირდა.

დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ გამგეობის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ხოლო შესყიდვების განყოფილებას კანონის შესრულება დაევალა. ეს გადაწყვეტილება დავების განხილვის საბჭომ 2016 წლის 20 აპრილს მიიღო.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადების პროცესი.

გამგეობის წარმომადგენელმა თავი იმით იმართლა, რომ 10%-იანი გარანტიის მოთხოვნა სატენდერო კომისიამ კოლეგიურად გადაწყვიტა.

ცნობისათვის, ტენდერი 2016 წლის 4 აპრილს დასრულდა, სადაც მონაწილეობა 6-მა კომპანიამ მიიღო.

6 კომპანიას შორის ყველაზე დაბალი ფასი ,,ექსტერნმა" მიუთითა. საწყისი ფასი 984`953 ლარი იყო, ხოლო ბოლო შეთავაზება 787 963 ლარამდე ჩამოვიდა.

იმ შემთხვევაში, თუკი ,,ექსტერნს" დისკვალიფიკაცია მიენიჭებოდა, გამგეობა უკვე მომდევნო კომპანიის ,,თბილი სახლის" შეთავაზებას განიხილავდა. 

იხ. ამავე თემაზე

ქვახვრელში სასმელი წყლის სამუშაოები 10 დღეში დაიწყება
Print

სტატიის გამოყენების პირობები