ახალი ამბები
ცხინვალში პრეპარატ ,,ლირიკას" შეტანის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 48 წლის მამაკაცი 500 ათასი რუბლის (დაახლოებით 18 ათასი ლარის) ღირებულების კონტრაბანდული და ფსიქოტროპული ნივთიერების ,,ლირიკას" შეტანის ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ სააგენტო ,,სპუტნიკი"  იუწყება.

სააგენტოს ცნობით, დაკავება ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ გამშვებ პუნქტზე მოხდა.

ავტომანქანაში 1378 კაპსულა აღმოაჩინეს. დაკავებული მამაკაცი ცხინვალელია და მისი საქმე სასამართლოს გადაეცა.

,,ლირიკა" საქართველოშიც აკრძალულია. გაზეთ ,,ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც შავ ბაზარზე ნარკოტიკული საშუალებები გაქრა, ნარკომომხმარებლებმა ამ პრეპარატს მიაგნეს.

"ლირიკა" არის ახალი თაობის პრეპარატი, რომელსაც ეპილეფსიის შემთხვევაში უნიშნავენ. მას ცნობილი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "ფაიზერი" უშვებს. როცა შავ ბაზარზე ნარკოტიკული საშუალებები გაქრა, ნარკომომხმარებლებმა ამ პრეპარატს მიაგნეს და "ლომკის" მოსახსნელად მისი მიღება დაიწყეს, რადგან საკმაოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია. საერთოდ, ეს პრეპარატი მსოფლიოში გაყიდვის მიხედვით პირველ ადგილზეა და "ფაიზერმა" მისი წყალობით მილიონებიც იშოვა. როგორც წამალი, ძალიან კარგია, მაგრამ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ინტერნეტში ვერსად იპოვით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეს პრეპარატი დამოკიდებულებას იწვევს. არადა, ადამიანი მასზე ძლიერ დამოკიდებული ხდება. ფაქტობრივად, ისეთივე დამოკიდებულება უყალიბდება, როგორიც სხვა ოპიატებზე." - აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები