ახალი ამბები
ხაშურის სამ სოფელში ნიაღვარმა გზა და სავარგულები დააზიანა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ნიაღვარმა რამდენიმე ოჯახში ეზოები და სავარგულები დააზიანა.

წრომის, მიწობის და ხცისის ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილიც დაზიანდა.

უხვი ნალექი გუშინ დაახლოებით 5 საათზე მოვიდა და 20-30 წუთი გაგრძელდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ზურაბ ჩხიტუნიძის განცხადებით, შინაური ფრინველი და ცხოველი გადარჩა.

მისივე განმარტებით, ნიაღვარმა მხოლოდ ხეები მოთხარა და ღელეში ჩამოიტანა.

„ხცისსა და წრომს შორის მდებარე ხევზე, სადაც გოგირდის აბანოცაა, ნიაღვარმა ხიდი წაიღო. 50 მეტრზე ასფალტი მოშალა და გზა დააზიანა. მოძრაობა შეწყდა.“ - გვეუბნება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

ზურაბ ჩხიტუნიძის ინფორმაციით, მოძრაობა აღდგა, ხოლო დაზიანებულ მონაკვეთს საქართველოს საგზაო დეპარტამენტი აღადგენს.

გამგებლის მოადგილის თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობის დასახმარებლად ზარალის დამთვლელ დროებით კომისიას არ შექმნის, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები ვერ გამოიყოფა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები