ახალი ამბები
ნაციონალური მოძრაობა საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარემ რობერტ კავთიაშვილმა სოფელ მეტეხის 22-ე უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე, აღნიშნულ უბანზე ,,ქართული ოცნების“ კანდიდატმა უსაფუძვლოდ მოიგო არჩევნები.

,,ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე მერებაშვილმა ....ხმით მოუგო ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ციცო აბუაშვილს.

ცნობისათვის, მეტეხში 22 მაისს შუალედური არჩევნები, ყოფილი წარმომადგენლის გუჯა გეჯაძის გარდაცვალების გამო, ჩატარდა. მეტეხის ადმინისტრაციულ თემში გახსნილ სამივე უბანზე ,,ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგო.

კავთიაშვილი ერთერთი უბნის გაუქმებას ითხოვს, რადგან, როგორც აღმოჩნდა, შედეგების ხელმეორედ გადათვლის შემდეგ, საარჩევნო ყუთში ორი ბიულეტენი ზედმეტი აღმოჩნდა.

ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის განხილვის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები ძალაში დატოვა, თუმცა საყვედურები საუბნო კომისიის წევრებს გამოუცხადა.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი კავთიაშვილი საყვედურების გამოცხადებით არ კმაყოფილდება. ის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

კავთიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს თანადგომისკენ და დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

კასპის საოლქო სარჩევნო კომისიამ 24 მაისს მეტეხის # 22 საუბნო საარჩევნო კომისიიდან დალუქული პაკეტები გახსნა და ბიულეტინები ხელახლა გადათვალა.

საოლქო სარჩევნო კომისის გადაწყვეტილებით გაუქმდა საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და შედგა ახალი შემაჯამებელი ოქმი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები