ახალი ამბები
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის კომპანია დააჯარიმეს
კომპანია ,,ლიტ-ჯეო-ინვესტი" სამშენებლო ნარჩენების დაყრის გამო დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით,  „ლიტ-ჯეო ინვესტს“ 1500 ლარის გადახდა დაეკისრა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ,,ლიტ-ჯეო-ინვესტი" დეპუტატის შვილს ლიტვის მოქალაქე და მამის მოსახელეს, ვალერი გელაშვილს ეკუთვნის.

აღნიშნული კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ხაშურში ახორციელებს.

კერძოდ, მიმდინარეობს კინო-თეატრის შენობის დემონტაჟი, რომლის ნარჩენები ოქტომბრისა და ბექაურის ქუჩების კვეთაზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრია.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა დეპუტატის შვილის კომპანიას ნარჩენების გატანისთვის გონივრული ვადა მისცეს.

,,ჩვენი თანამშრომლები ტერიტორიას ორი კვირის შემდეგ მოინახულებენ. იმ შემთხვევაში თუ „ლიტ-ჯეო ინვესტს“ ნარჩენები გატანილი არ ექნება, კომპანიას მეორედ დაეკისრება ჯარიმა,რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თანხაც დაემატება" - გვითხრა პრესსამსახურის წარმომადგენელმა..

Print

სტატიის გამოყენების პირობები