ახალი ამბები
რამდენიმე სოფლის სიმაღლის დონე საჯარო რეესტრში არასწორადაა გაზომილი
საჯარო რეესტრის რუკებზე ქარელის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, ზღვის დონიდან სიმაღლის აღმნიშვნელ მონაცემებთან დაკავშირებით, მცდარი ციფრები აქვს მინიჭებული.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი ესაუბრა.

გულიაშვილის თქმით,  ეს ცდომილება მას შემდეგ გაარკვიეს, როდესაც გამგეობის სპეციალისტებმა საკუთარი ჯიპიარესის სისტემით რამდენიმე სოფლის სიმააღლეები შეამოწმეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიაჩნია, რომ სოფლებს: ჭვრინისს, გვერძინეთს, კრობანს, კლდუას და გულიკანთკარს მთიანი დასახლების სტატუსი ეკუთვნის.

,,ცდომილება საჯარო რეესტრის მონაცემებსა და ჩვენს მონაცემებს შორის მართლაც აღმოჩნდა. არის ისეთი სოფლები, რომლებიც რეალურად ზღვის დონიდან 800 მ-ზე მაღლა მდებარეობს, მაგრამ საჯარო რეესტრი უჩვენებს, რომ პირიქით, დაბლაა. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ამ კრიტერიუმს ეს დასახლებები აკმაყოფილებს" - აცხადებს ზაზა გულიაშვილი.

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის გამგებლებმა საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთარი წინადადებები და რეკომენდაციები გაუგზავნეს.

ყველა წინადადება დღეს შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან იოსებ ოქრომელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრაზე აქცენტები შიდა ქართლის იმ სოფლებზე გაკეთდა, რომელთაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ მიენიჭა.

,,შესაბამისად, მუნიციპალიტეტების გამგებლებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს აღნიშნული სოფლების სია წარმოუდგინეს და არგუმენტირებული სახით თითოეული სოფლისთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს." - აცხადებს გუბერნატორის წარმომადგენელი.

მისი თქმით, მთის კანონის დანიშნულებაა, დაადგინოს შეღავათები საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები