ახალი ამბები
ქალაქის საკრებულოში იმპიჩმენტი და საკადრო ცვლილებები აღარ განხორციელდა
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღევანდელ გეგმიურ სხდომაზე თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს აღარ განიხილავენ.

ამის მიზეზი პარასკევს განვითარებული მოვლენები გახდა.

შვიდიდან სამმა დეპუტატმა, ილია მეტრეველის გადაყენების თაობაზე, მოთხოვნა უკან წაიღო.

საქმე იმაშია, რომ საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ილია მეტრეველი საკრებულოს თავმჯდომარედ 2016 წლის იანვარშია არჩეული.

მანამდე მის პოსტს ,,ეროვნული ფორუმიდან" პაპუნა კობერიძე იკავებდა.

ილია მეტრეველმა დანიშვნიდან მეორე დღეს მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნათია ომაძე გაათავისუფლა.

ნათია ომაძემ ბრიფინგი მოიწვია და განაცხადა, რომ გათავისუფლება უკანონოდ ხდებოდა, რადგან, მანამდე, არავითარი საყვედური ან გაფრთხილება არ ჰქონდა მიღებული.

მის ნაცვლად ილია მეტრეველი თანაგუნდელს, ,,ქართული პარტიის" ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ნიშნავდა.

ხმაურის ატეხვის შემდეგ, ილია მეტრეველმა ნათია ომაძის გადაყენება გადაიფიქრა და თანამდებობაზე დატოვა, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილი დამატებით მრჩევლად ხელშეკრულების საფუძველზე დანიშნა.

ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, საკრებულოს აპარატში, ასევე, ხელშეკრულების საფუძველზე, ,,ქართული პარტიის" სხვა წევრები - კახა ერგემლიძე და რამაზ შარიქაძე მიიღეს.

სამი უშტატო თანამშრომლის აყვანა ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა, ამავე დროს, საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ თამარ თედლიაშვილმა გააპროტესტა.

თამარ თედლიაშვილი თვლის, რომ საკრებულოს უშტატო თანამშრომლების რიცხვი ლიმიტს სცდება.

მიუხედავად ამისა, ილია მეტრეველმა ახალი სამი თანამშრომელი თანამდებობაზე მაინც დატოვა.

მოგვიანებით, ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ილია მეტრეველს წერილობით აუხსნა, რომ ლიმიტგადაცილებულ თანამშრომლებს ფინანსური სამსახური ხელფასს ვერ აუნაზღაურებდა, რადგან, მისი აზრით, ისინი კანონგარეშედ არიან დანიშნულები.

მერიამ აღნიშნული ფაქტი სასამართლოში გაასაჩივრა.

კერძოდ, მოითხოვეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ახალი თანამშრომლების დანიშვნის გადაწყვეტილებებისა და სახელფასო ანაზღაურების გაუქმება.

მოსამართლემ მერიის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა, არ დააკმაყოფილა ის ნაწილი, სადაც სახელფასო ანაზღაურებაზეა საუბარი.

მოსამართლის აზირთ, ვიდრე დავა სასამართლოში მიმდინარეობს და არ გაირკვევა, ნამდვილად, უკანონოდ არიან თუ არა დანიშნული ოქრუაშვილი - ერგემლიძე - შარიქაძე, მანამდე, მომსახურების ანაზღაურება აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

სამი თვის შემდეგ, 2016 წლის 16 ივნისს საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს აპარატის სხვა ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლა. ამით, ოქრუაშვილი - შარიქაძე - ერგემლიძე ლიმიტის საზღვრებში მოექცა.

17 ივნისს გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობა საკრებულოსა და მერიის 30-მდე თანამშრომელმა სოლიდარობა გამოუცხადა.

პარალალურად, საკრებულოს 7-მა წევრმა თავმჯდომარის იმპიჩმენტი და რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა.

დაახლოებით 15 საათზე საკრებულოს თავმჯდომარემ თავის კაბინეტში გათავისუფლებული თანამშრომლები დაიბარა და ხელშეკრულებებზე ხელახლა მოაწერინა ხელი. ხოლო ბრძანებით დანიშნული ყოფილი თანამშრომლები კი, კვლავ ახალი ბრძანებით დანიშნა.

16 საათზე საკრებულოს ბიუროს სხდომა დაიწყო.

დეპუტატების ნაწილმა ილია მეტრეველს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, თუ რის საფუძველზე განახორციელა აღნიშნული ქმედება.

თამარ თედლიაშვილის აზრით, გათავისუფლება-აღდგენით ილია მეტრეველმა თავისი თანაგუნდელები (უშტატო თანამშრომლები) ლიმიტის საზღვრებში მოაქცია, ხოლო ხელახლა აღდგენილ 5 თანამშრომელს ლიმიტგარეშე სტატუსი მიანიჭა.

ილია მეტრეველმა განმარტა, რომ მხოლოდ პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგ, შეიცვალა აზრი.

თამარ თედლიაშვილმა ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან დღის წესიგში იმპიჩმენტის საკითხიც არ იყო ჩასმული.

მისი და კიდევ 6 დეპუტატის მოთხოვნის წერილი ბიუროს სხდომაზე არ გამოაჩინეს.

საღამოს 18 საათზე კი ილია მეტრეველმა საგანგებო ბრიფინგი მოიწვია.

მან ჟურნალისტებს სამი დეპუტატის განაცხადება აჩვენა, სადაც წერია, რომ ისინი იმპიჩმენტის მოთხოვნაზე უარს ამბობენ.

ფაქტობრივად, დღევანდელი, 20 ივნისს საკრებულოს სხდომა იმპიჩმენტის პროცედურების გარეშე ჩაივლის.

რაც შეეხება, აღმოჩნდნენ თუ არა ხელახლა აყვანილი თანამშრომლები ლიმიტის გარეთ, ქალაქის მერი თვლის, რომ ამ ქმედებას აზრი არა აქვს.

,,ჩვენ გავასაჩივრეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ მიიღო. ამიტომ, სასამართლო დავა არანაირად არ შეეხება ხელახლა აყვანილ თანამშრომლებს" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

ის სამი დეპუტატი - დავით რაზმაძე, ზურაბ როსებაშვილი და ზაზა მეზვრიშვილი - თვლის, რომ იმპიჩმენტის მოთხოვნაზე უარის თქმა, ამ ეტაპზე, ლოგიკური იყო.

,,სულ 7 დეპუტატი ვითხოვდით იმპიჩმენტს, გარანტია არ გვქონდა, რომ საჭირო რვა ხმას მოვაგროვებდით. ამიტომ, თუ 20 ივნისის სხდომაზე იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდებოდა, ჩვენ, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, იმპიჩმენტის ხელახალი პროცედურების დაწყებას ვეღარ მოვახერხებდით. ამიტომ, ჩვენს გადაწყვეტილებას გამგები გაიგებს" - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები