ახალი ამბები
ცხინვალში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჩავიდა
2016 წლის ივნისის ბოლოს რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ერთიანი საკოორდინაციო ცენტრის შექმნის თაობაზე, შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა სააგენტო ,,რია-ნოვოსტსთან" ისაუბრა.

ახალი შეთანხმება რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პირველი პირების მიერ 2015 წლის მარტში ხელმოწერილ დოკუმენტს ეფუძნება, რომლის მიხედვით ორ მხარეს შორის ინტეგრაციას და თანამშრობლობას ჩაეყარა საფუძველი.

თიბილოვის განცხადებას წინ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვიზიტი უძღოდა. ნურგალიევი ცხინვალში პარასკევს 17 ივნისს ჩავიდა და ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო.

,,სააკორდინაციო ცენტრის შექმნის მიზანია უსაფრთხოების მიზნით მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა." განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.

ის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებასაც შეეხო, რომელიც შიდა პროცედურებს რუსეთის ფედერაციაში გადის.

,,სამხრეთ ოსეთში ყველა პროცედურა დასრულდა და ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი წინადადებები არ გვაქვს" - განმარტა თიბილოვმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები