ახალი ამბები
რატომ არ მიჰყავთ ფედია ბაციკაძე თავშესაფარში
ფედია ბაციკაძე ცხოვრებას კვლავ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თი-ბი-სი ბანკის წინ, ტროტუარზე აგრძელებს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მიუსაფარი ადამიანი, ცოტა ხნის წინ, თეატრის ეზოში გადაიყვანა, თუმცა, ფედია იმავე საღამოს ძველ ადგილზე დაბრუნდა.

წვიმის დროს კორპუსის აივანს ეფარება, ხოლო სიცხის დროს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ღია სივრცეში მოსახლეობის თვალწინ უხდება.

ფედია ბაციკაძეს გადაადგილებაც უკვე უჭირს.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია ამ პრობლემას რამდენიმე წელია ვერ აგვარებს.

მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე ამბობს, რომ კერძო თავშესაფრების წარმომადგენლებთან კონსულტაცია გამართა.

მისი თქმით, პრობლემის გაჭინაურება სახელმწიფო თავშესაფრების არარსებობამ გამოიწვია, ამიტომ, კერძო დაწესებულებების მოძებნა დაჭირდათ.

,,გლდანში მიუსაფარ ადამიანთა თავშესაფრის ხელმძღვანელობა მზადაა მზრუნველობა გაუწიოს ფედია ბაციკაძეს. ამისათვის თვეში დაახლოებით 600 ლარია საჭირო. იმის გამო, რომ ფედია ბაციკაძე ქალაქ გორში რეგისტრირებული არაა, ფინანსური სამსახური სრული თანხის გამოყოფას ვერ ახერხებს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა კი, თანამონაწილების მიღებისგან თავს იკავებს" - ამბობს შალვა ტლაშაძე.

მერის მრჩეველი ფინანსური სამსახურის უფროსს ურჩევს, რომ დროულად დაამთავროს პროცედურების გავლა გამგეობასთან.

მიუსაფარი ადამიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცშია რეგისტრირებული, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე წლის წინ დაენგრა. მეუღლე სოფელ თორტიზაში ახლობელთან ცხოვრობს.

იხ. ამავე თემაზე:

ადამიანი, რომელიც ღამეებს გორის ქუჩებში ათევს

Print

სტატიის გამოყენების პირობები