ახალი ამბები
,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ხაშურის საკრებულო დატოვა
„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა გიორგი ცხადიაშვილმა ხაშურის საკრებულო მიატოვა

ამის შესახებ გიორგი ცხადიაშვილმა გადაწყვეტილება 1 ივლისს მიიღო.

საკრებულოს თავმჯდომარემ მისი მოთხოვნა 4 ივლისს დააკმაყოფილა.

საკრებულოს წევრის მანდატის მიტოვების მიზეზად გიორგი ცხადიაშვილი ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს.

ის, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, საკრებულოში კოალიციის სახელით და პარტიული სიით შევიდა.

ცხადიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედაც კი იყო არჩეული.

კოალიციიდან ,,თავისუფალი დემოკრატების“ წასვლის შემდეგ, იგი ვიცე-თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ პარტიიდან წასვლასაც არ გამორიცხავს.

რაც შეეხება საკრებულოში მის მონაცვლეს, ამ საკითხს ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტს.

,,საკრებულომ საოქმო ჩანაწერი უნდა გადაუგზავნოს საოლქო საარჩევნო კომისიას და უფლებამონაცვლეობის საკითხს ხაშურის 35-ე საოლქო კომისია გადაწყვეტს. გიორგი ცხადიაშვილი საკრებულოში პარტიული სიით იყო და მას „თავისუფალი დემოკრატევბის“ წევრი ჩაანაცვლებს, რომელიც სიაში ცხადიაშვილის მომდევნოა.“ - გვითხრა საკრებულოს იურისტმა ზაზა გვრიტიშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები