ახალი ამბები
ვალერი გელაშვილი დარწმუნებულია, რომ ხაშურის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელებენ
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი დარწმუნებულია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, პარტია ,,ქართული ოცნება" მას კანდიდატად დაასახელებს.

ამის შესახებ მოქმედმა პარლამენტის წევრმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არაოფიციალურად შეთავაზება პარტიის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებისგან უკვე მიიღო.

,,მართალია, ყველა რაიონში შიდა კვლევები ტარდება მაჟორიტარი კანდიდატის გამოსავლენად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მე დამასახელებენ" - დასძენს ვალერი გელაშვილი.

პროფესიით ფიზიკური კულტურის და სპორტის პედაგოგი ვალერი გელაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად მესამედ იბრძოლებს.

პირველად, 2004 წელს რესპუბლიკური პარტიის სახელით აირჩიეს. 2006 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტარისთვის შეუსაბამო საქმიანობის მოტივით უფლებამოსილება შეუწყვიტა. ყოფილ პრეზიდენტითან მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების გამო კი, სასტიკად გაუსწორდნენ.

2012 წელს, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხაშურის მაჟორიტარად წარადგინა. 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, იგი 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვალერი გელაშვილი სხვადასხვა კომპანიების დამფუძნებელი და დირექტორია. მისი დაფუძნებული კომპანიები ძირითადად სამშენებლო სამუშაოებს აწარმობენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები