ახალი ამბები
ახალუბანში საბავშვო ბაღის რემონტი მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ახალუბანში ახალ სასწავლო წელს ბავშვები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაგა-ბაღში გააგრძელებენ.

„ეს ბაღი 20 წელია ფუნქციონირებს და ასეთი სამუშაოები აქ ჯერ არ ჩატარებულა. იატაკი იყო ჩანგრეული, მოუწესრიგებელი იყო სველი წერტილები, არ გვქონდა საწოლები და ბავშვებს ვერ ვაძინებდით.  ახალი ინვენტარი, მათ შორის საწოლები უკვე მოტანილი გვაქვს და ეს პრობლემა ახალი სასწავლო წლიდან მოხსნილი იქნება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ახალუბნის ბაღის გამგემ ნინო ათუაშვილმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობვრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 17 552 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს იატაკის დაგება. სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა დაათვალიერა.


ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 7 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება სოფლების ქიწნისის, ახალუბნის, ქვემო ხვითის, ზეღდულეთის, ქვეშის, ახრისისა და რეხის საბავშვო ბაღებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები