ახალი ამბები
,,ენმ"-ს კანდიდატი გორის პოლიციისგან მანქანის დაბრუნებას ითხოვს
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქალაქ გორის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებული ალექსანდრე გოგლიძე პოლიციისგან მანქანის დაბრუნებას ითხოვს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გოგლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პოლიცია და პროკურატურა გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს.

2016 წლის 12 მაისს ალექსანდრე გოგლიძის მანქანა გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა.

სატრანსპორტო საშუალება მოსკოვის ქუჩაზე, ახლობლის საცხოვრებელი სახლის ეზოში იდგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით დაიწეს, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ამ დრომდე მანქანა დალუქულია და პატრონს არ უბრუნებენ.

პროკურორის თქმით, სატრანსპორტო საშუალება მფლობელს გამოძიების დასრულებისას დაუბრუნდა.

თუმცა ჩვენს კითხვაზე, როდის დასრულდება გამოძიება, პროკურორმა განუსაზღვრელი ვადა დაასახელა.

გოგლიძე 2012 წლამდე შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიული დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსად მუშაობდა.

,,ალექსანდრე გოგლიძე წლების განმავლობაში ემსახურებოდა სიმშვიდეს და ებრძოდა კრიმინალს. თუ ეს ფაქტი კრიმინალებმა ჩაიდინეს, ამით ხელისუფლების უუნარობა კიდევ ერთხელ დასტურდება. ქვეყანას კრიმინალი მართავს" - აცხადებს ბადრი ბასიშვილი, რომელიც რაიონის მაჟორიტარი კანდიდატია ამავე პარტიიდან და რეგიონული ოფისი აბარია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები