ახალი ამბები
ჩეხი ტურისტის ცემის ფაქტზე დაკავებულის დედა შეწყალებას ითხოვს
გორში მცხოვრები ნატალია ნიკოლიშვილი საქართველოს პრეზიდენტს პატიმარი ვაჟის შეწყალებას სთხოვს.

ჩეხი ტურისტის ცემის ფაქტზე მისი შვილი 2015 წლის 20 ივნისს დააკავეს.

ელექტროფიკაციის დასახლებაში მცხოვრები მარტოხელა დედა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარკვეულ დეტალებზე ესაუბრა.

მისი თქმით, ვაჟს გაუგებრობა სიმთვრალეში შეემთხვა.

პროკურატურის მტკიცებით, 32 წლის მამაკაცმა ჩეხი ტურისტი ჯერ ცემა და შემდეგ ველოსიპედი წაართვა.

,,როგორც ვიცი, ჩემი შვილი და ტურისტი ერთად ქეიფობდნენ. სტუმარს ჭალაში კარავი ჰქონია გაშლილი და იქ დაულევიათ ერთად. ჩემმა შვილმა სთხოვა, ველოსიპედი მათხოვე, ვისეირნებო, ტურისტმა არ ათხოვა და ხელზე უკბინა. ამის შემდეგ ჩემ ვაჟს  სტუმრისთვის ხელი მოუქნევია  და თვალი დაულურჯებია. მეც ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცი" - ამბობს ნატალია ნიკოლიშვილი.

მოსამართლემ ბრალდებულს თავისუფლება ყველაზე ნაკლები ვადით აღუკვეთა. წარდგენილი მუხლი 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

,,ვთხოვ, პრეზიდენტს ჩემი მდგომარეობა გაითვალისწინოს და შვილი შეწყალებით გამოუშვას" - ამბობს ნატალია ნიკოლოშვილი.

მარტოხელა ქალბატონი ამჟამად გაჭირვებაში ცხოვრობს და თავს მზესუმზირის გაყიდვით ირჩენს. მის შვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები