ახალი ამბები
გორში 111 კორპუსში საკანალიზაციო სისტემებს აწესრიგებენ
გორში, კომბინატის დასახლებაში 111 კორპუსში წყალსაკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება მიმდინარეობს.

პროექტის შესახებ ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა დღეს ერთერთ კორპუსთან ვიზიტის დროს ისაბრა.

მერის განცხადებით, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

„მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი. სამუშაობი სრულდება ხარისხიანად. წლების მანძილზე კორპუსების მობინადრეებს არსებული პრობლემები აღარ შეაწუხებთ. სარდაფებში აღარ იქნება სისველე და შემცირდება წყლის ხარჯი, რომელიც დაზიანებული მილებიდან იქცეოდა დიდი რაოდენობით.“ - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

სამუშაოებისთვის 434 343 ლარია გათვალისწინებული.

თანხის 95% - 412 625 ლარი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №295 განკარგულების მიხედვით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

თანხის დანარჩენ ნაწილი 5% - 21 717 ლარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ზურაბ ჯირკველიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანია შპს “ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად პროექტ „ღია კარის დღის“ ფარგლებში კომბინატის დასახლებაში არსებულ კორპუსებში საერთო სარგებლობის (სარდაფულ ნაწილში) საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა (მშვიდობის გამზირი №2ა, №13, №19) და დაინტერესებული მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

კომბინატის დასახლებაში სულ 130 მრავალსართულიანი კორპუსია, რომლებიც გასული საუკუნის 60-70-ან წლებში აშენდა.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში 2015 წელს მხოლოდ 19 კორპუსში განხორციელდა წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია.

დანარჩენი 111 კორპუსის წყალსაკანალიზაციო სისტემებს ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები