ახალი ამბები
გამგებელმა და საბავშვო ბაღის ყოფილმა დირექტორმა იკამათეს
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა და დირბის საბავშვო ბაღის ყოფილმა დირექტორმა დალი ერაძემ გამგეობის შენობაში იკამათეს.

კამათი ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

მხარეებმა ერთმანეთს პროდუქტებისა და სასწორის ქურდები უწოდეს.

კამათის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის" წარმომადგენელმა ანი ბალიაშვილმა მიაწოდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი დალი ერაძე სამსახურიდან გაათავისუფლებას აპროტესტებდა.

საბავშვო ბაღების გაერთიანების აუდიტის სამსახურმა, 206 გრამი შაქრის ფხვნილის გადამეტების ფაქტზე, მას მკაცრი დასკვნა შეუდგინა.

დალი ერაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა გულიაშვილის დავალებით, აუდიტის სამსახურმა, პირადი ინტერესების გამო, დასაჯა.

დალი ერაძემ საბავშვო ბაღის დარაჯი სასწროსი ქურდობაში ამხილა. დარაჯი კი, გამგებლის ნათესავია. კერძოდ, გამგებლის და დარაჯის შვილები ნათელმირონები არიან.

,,2 ივლისს საბავშვო ბაღში ვეღარ ვიპოვე სასწორი, ის სახლიდან მქონდა მიტანილი პროდუქტების ასაწონად. დარაჯს ვუსაყვედურე და ფაქტიურად ის იყო პასუხისმგებელი ქონების შენახვაზე. ამაზე კამათი მოგვივიდა" - აცხადებს დალი ერაძე.

დარაჯთან დაპირისპირების შემდეგ საბავშვო ბაღების გაერთიანების სპეციალისტებმა ერთი თვის განმავლობაში ბაღის შემოწმება დაიწყეს.

ბაღების გაერთიანების აუდიტის დასკვნის საფუძველზე, რომელსაც ხელს ნინო მეზვრიშვილი აწერს, დალი ერაძე გაათავისუფლეს.

თავდაპირველი დასკვნის საფუძველზე, დალი ერაძე, ბავშთა რაოდენობის უზუსტობის გამო, გააფრთხილეს.

,,ერთერთი ბავში იმ დღეს იგვიანებდა და ეს გახდა აქტის შედგენის საფუძველი" - ამბობს დალი ერაძე.

მომდევნო გაფრთხილება სააღრიცხვო ჟურნალში ერთერთი აღზმრედლის მიერ კორექტორით წაშლილი ციფრის გამო, მისცეს.

მესამე გაფრთხილება კი, შაქრის დანაკლისმა გამოიწვია.

,,კვირაში ორჯერ ამოდიოდნენ, ჩასაფრებულ პოზიციაში იყვნენ. ეს ხდებოდა იმის გამო, თუ როგორ ვაკადრე დარაჯს სასწორის ქურდობა, რომელიც გულიაშვილის ნათესავია. 27 წელი ვმუშაობდი დირბის საბავშო ბაგა - ბაღში და არც ერთი გადაცდომა არ მაქვს" - აცხადებს დალი ერაძე.

ზაზა გულიაშვილი დარაჯთან ნათესაურ ურთიერთობას ადასტურებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მის გათავისუფლებაში ,,ბაღების გაერთიანების" წარმომადგენლებს მიუძღვით წვლილი.

,,გვქონდა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღში პროდუქტების დანაკლისი იყო, ასევე, ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლა უკანონოდ. როგორც მე ვიცი, ის დარღვევების გამო გაათავისუფლეს" - აცხადებს ზაზა გულიაშვილი.

გაასაჩივრებს თუ არა დალი ერაძე აუდიტის დასკვნებს, ამას მომავალში გავიგებთ. რაც შეეხება საბავშვო ბაღში აღმზრდელების გათავისუფლების ფაქტებს, ამის შესახებ აუდიტის დასკვნაში არაფერი წერია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები