ახალი ამბები
მუგუთის, ლოპანის, არცევისა და ღრომის მოსახლეობა გამარტივებულ მიმოსვლას ითხოვს
ცხინვალის რაიონის სოფლების არცევისა და ღრომის მოსახლეობა, ასევე, ზნაურის რაიონში - მუგუთისა და ლოპანის მკვიდრნი ე.წ. სასაზღვრო ზონაში გამარტივებული წესით მომუშავე საგუშაგოების გახსნას ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებს.

სააგენტო სპუტნიკის ცნობით, ქართულ სოფლებთან მოსაზღვრე ოსური მოსახლეობა ისეთივე წესების შემოღებას ითხოვს, რომლითაც ახალგორისა და ჯავის (ყაზბეგის მხარე) რაიონში გამშვები პუნქტები ფუნქციონირებს.

მოსახლეობის მოთხოვნის საპასუხოდ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა და რუსეთის საოკუპაციო ხაზის მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ზნაურის მოსახლეობას ე.წ. სასაზღვრო ზონაში მიმოსვლის ნებართვის წესები გააცნეს.

სააგენტოების ცნობით, მსგავსი სახის შეხვედრები მანამდე სხვა სოფლებშიც მოეწყო.

დე-ფაქტო მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თავიანთი სოფლების მოსანახულებლად სპეციალური ნებართვები ჭირდებათ. განსაკუთრებით, ეს შერეულ ოჯახებს აწუხებთ.

საკითხი ცხინვალის ხელისუფლების პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს სხდომაზეც განიხილეს.

პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა უწყებებს მისცა რეკომენდაცია, რომ შეემცირებინათ ე.წ. სასაზღვრო ზოლი.

გასულ კვირას, სწორედ, ამ კუთხით შეხვედრა ცხინვალის რაიონს სოფლების არცევისა და ღრომის, ხოლო ზნაურის რაიონში - ლოპანსა და მუგუთში მოეწყო.

არცევი და ღრომი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს - მერეთსა და მეჯვრისხევს, ხოლო ლოპანი და მუგუთი - ქარელის რაიონის სოფელ დვანს ემიჯნება.

მესაზღვრეებმა ამ სოფლების მოსახლეობასაც ე.წ. სასაზღვრო ზოლში მიმოსვლის წესები გააცნეს.

ლოპანის მოსახლეობამ მოითხოვა საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიასთან დამატებითი საგუშაგოს გახსნა, სადაც გამარტივებული წესით შესაძლებელი იქნება მიმოსვლა.

,,მოსახლეობას ავუხსენით, რომ ამ მიმართულებით დამატებითი პუნქტების გახსნა არ იგეგმება" - იუწყება ცხინვალის უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახური.

ასეთი ტიპის პუნქტები, სადაც მოსახლეობას გამარტივებული წესით ორივე მხარეს გადასვლა შეუძლია, ახალგორისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები