ახალი ამბები
შოთა ჩოჩიშვილის აღდგენილ ტაძართან დედათა სამონასტრო კომპლექსი შენდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში საფუძველი დედათა სამონასტრო კომპლექსს ეყრება.

საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ჩოჩიშვილის მიერ აშენებულ ეკლესიასთან მსოფლიოში მეორე, ღვთისშობლის დიდედის (ბებიის) სახელობის ეკლესია შენდება.

დედა ქეთევანის თქმით, ასეთი ეკლესია მსოფლიოში მხოლოდ ქრისტეს საფლავთან, იერუსალიმში მდებარეობს. მეორე კი, საქართველოში, სოფელ ღვლევში იქნება.

დედა ქეთევანი სოფელ ღვლევის ეკლესიის მონაზონია.

ეს ეკლესია ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ჩოჩიშვილმა თანასოფლელების დახმარებით ააშენა. აღდგენილი ტაძარი 1999 წელს საქართველოს პარტიარქმა ილია მეორემ აკურთხა და რუის-ურბნისის ეპარქიაში შედის. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით 5 წელია დედათა მონასტერი მოქმედებს.

,,1999 წლიდან ტაძარი აღდგა. მართალია, წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა, მაგრამ სამონასტრო ცხოვრება დაახლოებით 5 წელია დაიწყო" - ამბობს დედა ქეთევანი.

ღვთისშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში შოთა ჩოჩიშვილია დაკრძალული. ძიუდოს ლეგენდა უკურნებელი სენით 2009 წელს გარდაიცვალა. მის დასაფლავებაზე ოლიმპიური მეტოქის იაპონელი ძიუდოისტის ინოკის სამძიმრის დეპეშაც წაიკითხეს. დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი წერილები მიიღეს.

შოთა ჩოჩიშვილის კლასელი ოთარ ქოქოშვილი სკოლის პერიოდს იხსენებს. ის და მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი არასრულ საშუალო სკოლაში ერთად სწავლობდნენ.

1964 წელს საშუალო განათლება ბორჯომის სატყეო სასწავლებელში ერთად მიიღეს. ორივე ჭიდაობდა, ძირითადად, ნახერხზე.

,,ბორჯომის სასწავლებიდან მე ჯარში წავედი, შოთამ კი, გორში უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. იმ დროს საბჭოთა კავშირის მასშტაბით საუნივერსიტეტო შეჯიბრი გაიმართა და სტუდენტებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, მას შემდეგ საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეევმა თავისთან წაიყვანა" - იხსენებს ოთარ ქოქოშვილი.

1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შოთა ჩოჩიშვილი მესამე ნომრად ჩასვეს. ესეც იმიტომ, რომ ერთერთ მოჭიდავეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ამ წელს შოთა ჩოჩიშვილი საბჭოთა კავშირის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

,,მოსკოვის მატარებელი გორის რკინიგზის სადგურზე ლამის ერთი საათი იყო გაჩერებული. შოთას უამრავი ხალხი დახვდა სადგურზე, იყო დიდი სიხარული და ზეიმი საქართველოში"- ამბობს შოთა ჩოჩიშვილის კლასელი.

მეორე ოლიმპიურ შეხვედრაზე შოთა ჩოჩიშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ,,ფაქტიურად, მეორე ოლიმპიურ მედალს იღებდა. მისმა მეტოქემ ჭიდაობისას ხელი რაღაცნაირად აწია, შოთას ეგონა, რომ მოწინააღმდეგე დანებდა და შეწყვიტა ჭიდაობა. სინამდვილეში ეს ასე არ იყო, მას ბრძოლა უნდა გაეგრძელებინა და ამიტომ გამარჯვებად არ ჩაუთვალეს" - ამბობს გულდწაყვეტით ოთარ ქოქოშვილი.

თანასოფლელი ვაჟა ჩოჩიშვილი იხსენებს იმ დღეს, როდესაც შოთა ჩოჩიშვილი იაპონელების ნაჩუქარი მანქანით სოფელში ჩავიდა.

,,აქ მარჯვენა საჭიანი მანქანები პირველად ვნახეთ. სოფელ სკრის მხრიდან შემოვიდა მანქანით. მინდროში ჩვენებური მეცხვარე შეხვდა. თვალები გაუფართოვდა, როცა დაინახა, რომ შოთა მანქანის მარჯვენა მხარეს იჯდა"- იხსენებს ვაჟა ჩოჩიშვილი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები