ახალი ამბები
ვალერი გელაშვილი: ,,საპარლამენტო ტრიბუნა არ გამომიყენებია, ან რად მინდოდა?"
ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა პარტია „ქართულმა ოცნებას“ 60 ათასი ლარი გადაურიცხა.

მისი თქმით, პარტიაში თანხას ყოველთვის რიცხავს.

„მე პარტიაში ყოველთვის ვრიცხავდი ფულს. ახლაც გადარიცხული 60 ათასი ლარიდან მოხდება საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ეს ყოველთვის ასე იყო. მე და ჩემნაირები თუ არ დავეხმარეთ პარტიას, აბა ფული საიდან ექნებათ“ - ამბობს ვალერი გელაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარიში.

ვალერი გელაშვილი თვლის, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ გაკეთებული საქმეების გაითვალისწინებით წარადგინა ხელახლა მაჟორიტარად:

„ხაშურისთვის იმაზე მეტს ვაკეთებ, ვიდრე შემიძლია. ჩემს მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ ქალაქის ცენტრში კინოთეატრის შენობა შეისყიდა. ფაქტიურად, ახლიდან შენდება. კომპანია მალე გახსნის ახალ სასტუმროს, რომელიც ასევე ქალაქის ცენტრში იქნება" - აცხადებს ვალერი გელაშვილი.

სამშენებლო სამუშაოებზე, გელაშვილის თქმით, ადგილობრივები დასაქმდნენ.

რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, ვალერი გელაშვილი თვლის, რომ ტრიბუნაზე გამოსვლას საქმის კეთება ურჩევნია.

„მე იმ დეპუტატების სიაში ვიყავი ვისაც ტრიბუნა არასოდეს გამოუყენებია, ან რად მინდოდა, რომ გამომეყენებინა, რა უნდა მეთქვა? ვაღიარებ ამ საქმეში სუსტი ვარ. მე მაჟორიტარულ საქმიანობას საქმით ვაკეთებდი. ვხვდებოდი მოსახლეობას და ვშუამდგომლობდი სამინისტროებთან. ისინი თუ არ დააფინანსებდნენ, შემდეგ, მე ვაძლევდი ფულს“.

Print

სტატიის გამოყენების პირობები