ახალი ამბები
ხაშურში დამატებით 8 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭეს
ხაშურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დამატებით 8 სოფელს მიანიჭეს.

აქედან 4 სოფელზე ,,მთის განვითარების ეროვნულმა საბჭოს" წევრებმა გამგეობის შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, დანარჩენი 4 სოფელი კი, ჩამონათვალში საკუთარი ინიციატივით შეიყვანეს.

ჯამში, ამ დროისთვის, ხაშურის რაიონში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 33 სოფელი სარგებლობს.

თავდაპირველად, ამ სტატუსით 25 სოფელი სარგებლობდა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსმა ივანე ლოლაძემ გვითხრა, რომ გამგეობამ შუამდგომლობა 10 სოფელს გაუწია.

გამგეობიდან წარდგენილ სოფლებს შორის, საბჭომ 4 სოფელს: უწლევს, კოდისწყაროს, ჩორჩანასა და წეღვერს მიანიჭა სტატუსი.

ამჟამად, კიდევ ხუთი სოფლის: მონასტერის, ბეღლითის, ბულბულისციხის, რუსაანთუბანისა და წაბლოვანას საკითხი იხილება.

მაღალმთიან ზონაში მოსახვედრად დასახლებული პუნქტი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, სიმაღლეს ზღვის დონიდან, შიდა მიგრაციას, სოფლის ინფრასტრუქტურას, სიკვდილიანობა-შობადობასა და საწარმოების არსებობას.

მთის კანონი  2016 წლის პირველ იანვრიდან ამოქმედდა და მისი მიზანია მაღალმთიან ზონაში მცხოვრებთა ხელშეწყობა.

ამ სოფლებში მცხოვრებთ პენსია და ხელფასები 50%-ით გაეზრდებათ. სასკოლო ვაუჩერი მოსწავლეებს გაუორმაგდებათ, ხოლო სტუდენტები უფასოდ ისწავლიან.

თითოეული დაბადებული ბავშვის ოჯახი 1000 ლარიან საჩუქარს მიიღებს.

ფოტოზე: სოფელი წაბლოვანა, გადაღებულია ჯაბა ლაბაძის მიერ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები