ახალი ამბები
,,ქართული ოცნების" კანდიდატის შეხვედრაზე ოქრუაშვილი მივიდა (VIDEO)
ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის იოსებ მაკრახიძის საარჩევნო შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი მივიდა.

ამის შესახებ ვიდეომასალა მობილურით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა გადაიღო.

ოქრუაშვილი, დაცვის ორი თანამშრომლის თანხლებით, გორის ცენტრში შეკრებილ ამომრჩეველს შეუერთდა.

იოსებ მაკრახიძე და ირაკლი ოქრუაშვილი ერთმანეთს თავის დახრით მიესალმნენ.

შეხვედრის დაწყებამდე ადგილზე საკრებულოს წევრი ,,ქართული პარტიიდან" ლერი ლაფაჩი იმყოფებოდა. შეხვედრის დაწყების შესახებ ლაფაჩმა ოქრუაშვილს ტელეფონით ამცნო.

იოსებ მაკრახიძემ ქალაქის ცენტრში შეკრებილ ამომრჩევლებს მოკლედ ესაუბრა. ის გორელებს დაპირდა, რომ ქალაქს აამწვანებს.

სტალინისა და ქუთაისის ქუჩაზე მცხოვრებლებმა მაკრახიძეს რამდენიმე საკითხზე ყურადღების გამახვილება სთხოვეს.

სტალინის ქუჩაზე მცხოვრები ამბობდა, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვთა კონტინგენტი გაზრდილია და ახალი საბავშვო ბაღებია საჭირო, ხოლო ქუთაისის ქუჩის მცხოვრებმა განაცხადა, რომ მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარებაში დახმარება გასწიოს.

,,ქართული ოცნების" შტაბის წევრმა მარლენ ნადირაძემ მოქალაქეებს განუცხადა, რომ იოსებ მაკრახიძის ფინანსური შესაძლებლობა წინასაარჩევნო პერიოდში შეზღუდულია. მისი თქმით, იოსებ მაკრახიძე დეპუტატის მანდატის მოპოვებამდე კონრეტულ ფინანსურ დახმარებას ამომრჩეველს ვერ მისცემს.

მარლენ ნადირაძეს ოქრუაშვილმა დაუძახა: ,,აქეთ არ ისმის მარლენ"

მარლენ ნადირაძე 2006-2007 წლებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ის ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრად ითვლებოდა. 2007 წლის სექტემბერში მარლენ ნადირაძე დაიჭირეს იმის გამო, რომ ოქრუაშვილთან მეგობრობდა. ოქრუაშვილი კი მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიშორა და კორუფციაში დასდო ბრალი.

ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, ორივე მათგანს ბრალი მოეხსნა. მარლენ ნადირაძე ,,ქართული ოცნების" გვერდით დგას, ხოლო ოქრუაშვილი ,,ქართული ოცნების" კანდიდატის იოსებ მაკრახიძის კონკურენტია.




Print

სტატიის გამოყენების პირობები