ახალი ამბები
ჭიდაობის ფული ხელისუფლების კანდიდატებს ხმარდება
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის დაფინანსებით შიდა ქართლის სოფლებში მმართველი გუნდის მხარდამჭერი ტურნირები იმართება.

სოფელ კარალეთში გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თემურ ხუბულურის სახელობის შეჯიბრი გაიმართა.

90 კგ წონით კატეგორიაში პირველი პრიზიორი გიგა გელაშვილი გახდა, რომელიც ,,ქართული ოცნების" შტაბის უფროსის მოადგილეა, ხოლო მეორე პრიზიორი - ონისე ბუღაძე. (მისი ძმა ლევან ბუღაძე ჭიდაობის ფედერაციის თანამშრომელია).

შესაბამისად, ფულადი ჯილდოებიც ასე განაწილდა, პირველ ადგილზე გასულს 500 ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულს - 300 ლარი ერგო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გამოყენებას მმართველი გუნდის კანდიდატების სასარგებლოდ. 

ქართული ჭიდაობის ტურნირები გაიმართა ქარელისა და კასპის რაიონშიც. ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარში ანალოგიური სახის ტურნირი კიდევ ერთ მაჟორიტარ კანდიდატს შოთა ხაბარელს მიეძღვნა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები