ახალი ამბები
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
23 წლის მარიამ შაქარაშვილი ჩინეთში გამოფენაზე უკვე მეორედ მიიწვიეს. მისი ნახატები ჯერ პეკინში გამოფინეს, ამჯერად, შანხაიდან გამოუგზავნეს მიწვევა.

გერმანიის ელჩმა მარიამ შაქარაშვილის ნახატებს საკუთარი რეზიდენციაც კი, დაუთმო. გამოფენის შემდეგ სამი ნამუშევარიც შეიძინა. 

ნახატებმა საქართველოს თითქმის ყველა გალერიის კედლები მოიარა. 

მარიამ შაქარაშვილი  აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრატურის ll კურსის სტუდენტია.

მეგობრებთან ერთად Art ჯგუფი "ფერადი კაბრიოლეტი" ჩამოაყალიბა და გამოფენებს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მართავენ.

ჯგუფის ხელმძღვანელია სამხატვრო აკადემიის რექტორი, ცნობილი მხატვარი, გია გუგუშვილი.

,,ჩვენს ჯგუფს ჰქონია არაერთი წარმატება, იგულისხმება საზღგარეთ გასვლები და საერთაშორისო პროექტები, ვართ საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულნი. ჩვენი გამოფენები ხშირად იმართება საქართველოს სხვადასხვა გალერეასა და Tbc ბანკის გალერეებში, სადაც დაცულია ჩემი რამდენიმე მეგობრის ნამუშევრები." - ამბობს მარიამ შაქარაშვილი. 

მისი თქმით, არტ ჯგუფის გამოფენა გერმანიის ელჩის საქართველოში, ბეტინა კადენბახის რეზიდენციაში, ორჯერ გაიმართა. სწორედ ბეტინა კადენბახი გახლავთ მარიამ შაქარაშვილის სამი ნამუშევრის მფლობელი.

რაც შეეხება ჩინეთს, სოციალური ქსელის, ფეისბუქის საშუალებით მარიამს და ჩემს მეგობარს, ბექა საყვარელიძეს  ჩინეთის Art ბანკის პრეზიდენტი დაუკავშირდა და  ხანგრძლივი თანამშრომლობა შესთავაზა.

,,რაც გულისხმობს ჩვენი ნახატების რეალიზებასა და პოპულარიზაციას მთელს ჩინეთში.  ის რეგულარულად მართავს გამოფენებს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის პეკინში, სადაც მონაწილეობას იღებს მსოფლიოს მაშტაბით ბევრი ცნობილი და პოპულარული მხატვარი. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში. ამის შემდეგ ვაპირებთ ოცამდე ნახატის გაგზავნას, რასაც გულისხმობს შეთანხმება. ასევე გამოიცა კატალოგი. გამოფენას დიდი წარმატება და გამოხმაურება მოჰყვა, ეს არის ჩვენი ჩინეთთან კავშირისა და ურთიერთობის სასიამოვნო დასაწყისი და დარწმუნებული ვარ უამრავი სიახლითა და სასიხარულო ამბით გაგრძელდება." - გვეუბნება მარიამ შაქარაშვილი.

პ.ს. მასთან ინტერვიუ დასრულებული გვქონდა, როდესაც ჩინეთიდან შეატყობინეს, რომ მიწვეულნი არიან შანხაიში.








,,ფლორენცია" 










ბექა საყვარელიძის ნამუშევარი ,,აბსტრაქცია" 



Print

სტატიის გამოყენების პირობები