ახალი ამბები
ნიქოზელებმა თვალის ექიმებთან სკაიპით კონსულტაციები გაიარეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ადგილობრივ მცხოვრებლებს თვალის დაავადებებთან დაკავშირებით ექიმებმა კონსულტაციები ჩაუტარეს.

შეხვედრა ამბულატორიის შენობაში გაიმართა, ხოლო წამყვან სპეციალისტებთან პირდაპირი ჩართვა სკაიპით განხორციელდა.

ამბულატორიის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ძამუკაშვილის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მსგავსი სახის ღონისძიებები ხშირად ტარდება.

უახლოეს ხანებში ნიქოზის ამბულატორია, თვალის დაავადებებთან დაკავშირებით, პოლონური ორგანიზაციების დახმარებით ახალ ტექნიკას მიიღებს.

ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკას ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსის" ბრიტანელი და იტალიელი მოხალისეებიც გაცნენ. სწორედ, ,,ქართლოსის" დახმარებით, ნიქოზის ამბულატორიას საჩუქარს პოლონეთის სახელმწიფო გადასცემს.

თვალის ექიმებთან ნიქოზელებს ბევრი შეკითხვა ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა, სოფელში საკმაოდ ხშირია კატარაქტა და გლავკომა. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ თონეში პურის ცხობა თვალის გარსის სიმშრალეს იწვევს.

ერთერთმა ადგილობრივმა სკაიპით ჩართულ სპეციალისტს ჰკითხა: ,,გლავკომას კი შველით, მაგრამ ბოღმითა და შურით სავსე თვალს როგორ მკურნალობთ?"




Print

სტატიის გამოყენების პირობები