ახალი ამბები
შავშვებში სასმელი წყლით სავსე ბალონებს ონკანებიდან იპარავენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 2015 წლის ზაფხულში დაწყებული და იმავე წლის დეკემბერში დამთავრებული ჭაბურღილი ისევ არ მუშაობს.

ამის გამო, სოფელში სასმელ წყალს ცისტერნებით ჰყიდიან. 10 ტონა წყლის მიწოდებაში ადგილობრივები 10 ლარს იხდიან. 

ბუნებრივი წყაროების ონკანები კი, მოსახლეობას თითქმის არ ჰყოფნის, სოფელში 54 კომლი, თანაც შერეული, ქართულ-ოსური ოჯახები ცხოვრობს.

ადგილობრივი მცხოვრები, პედაგოგი თამარ ლოთიშვილი ამბობს, რომ სამსახურში წასვლისას წყლის ბალონს ონკანთან ასავსებად ტოვებს, სამუშაოდან დაბრუნებისას კი, ხშირად ადგილზე აღარ ხვდება. 

,,უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ წყლით სავსე ბალონებს იპარავენ. სამუშაოდან დაბრუნებისას სახლში მიმაქვს ხოლმე ავსებული ჭურჭელი." - აცხადებს თამარ ლოთიშვილი.

რაც შეეხება ჭაბურღილს, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი ჯერ კიდევ 2016 წლის თებერვალში მოამზადა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჭაბურღილი ისე მოაწყო, რომ ზედ ქსელის სამუშაოები არ გაითვალისწინა. თანაც, 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში დამატებითი სამუშაოების თანხები არ იყო გათვალისწინებული.

რეპორტაჟის გასვლის შემდეგ,  საქართველოს მთავრობის დახმარებით, ქსელისთვის თანხები გამოიყო. თუმცა, ნოემბრის დასაწყისისთვის სოფელ შავშვებში წყლის მილები კვლავ არაა დამონტაჟებული. ცენტრალური მაგისტრალი ჭაბურღილიდან შემკრებ ავზამდე კი გაყვანილია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები