ახალი ამბები
ფლავისმანში ძმები სუხიტაშვილების ორგანიზებულ აქციას ბელგიაში მცხოვრები ქართველები შეუერთდნენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფლავისმანში აქცია-კონცერტი მომღერლების, ძმები ლევან და გიორგი სუხიტაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

კონცერტის პარალელურად, დაახლოებით 130 სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო პროდუქტები გადაეცა.

სოციალურად დაუცველ ადამიანთა სია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით შედგა, მათი დახმარებით, ადგილზე საკონცერტო აპარატურა დამონტაჟდა.

აქცია-კონცერტი 2016 წლის 22 ნოემბერს ბენდ ,,13 ანუ უშაქროს", გორელი მომღერლის ოთო ნემსაძისა და გიორგი ნადიბაიძის, ასევე, ნინი ბადურაშვილის და ანრი ჯოხაძის მონაწილეობით გაიმართა.

გიორგი სუხიტაშვილის განცხადებით, კონცერტის მიზანს საოკუპაციო მავთულხლართების მიღმა დარჩენილი ოჯახებისთვის მხარდაჭერა წარმოადგენს.

ძმები სუხიტაშვილები წარმოშობით სოფელ კარალეთიდან არიან. მათი თქმით, ბევრმა კომპანიამ აქციაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, თუმცა, მადლობას იმ კომპანიების ხელმძღვანელებს უხდიან, რომლებმაც დახმარებაზე უარი არ თქვეს.

,,განსაკუთრებით, დიდი მადლობა ბელგიაში მცხოვრებ ქართველებს, რომლებმაც დიდი კონტეინერით საჩუქრები გამოგზავნეს" - აცხადებენ ისინი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები