ახალი ამბები
მშვიდობის გამზირზე მე-11 კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია დროებით გადაიდო
ქალაქ გორში, მშვიდობის გზატკეცილზე მდებარე მეთერმეტე კორპუსის სახურავისა და სადარბაზოების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება გადაიდო.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიის ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა მიიღეს.

გადადების მიზეზი სამშენებლო კომპანია ,,ინტერიერის" ხელმძღვანელის რამაზ მარგველაშვილის საჩივარი გახდა.

რამაზ მარგველაშვილი დავების საბჭოს წევრებს სწერს, რომ მერიის სატენდერო კომისიამ უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე იმაშია, რომ კომპანია ,,ინტერიერმა" მე-11 კორპუსის სადარბაზოებისა და სახურავის მოწესრიგების სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი მიუთითა.

კერძოდ, თუკი საწყისი ფასი დაახლოებით 22 ათასი ლარი იყო, ,,ინტერიერმა" ყველა რაუნდში 13 500 ლარი დააფიქსირა.

ქალაქ გორის მერიამ ,,ინტერიერს" მოსთხოვა წერილობითი დასკვნა იმის შესახებ, რომ მას აღნიშნულ ფასად სამუშაოებს შესრულების შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია.

კომპანიის დირექტორმა რამაზ მარგველაშვილმა მერიას ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, თუმცა, მერიის სატენდერო კომისიის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არასრულყოფილი და არადამაჯერებელია.

შესაბამისად, კომპანიას დისკვალიფიკაცია მიეცა.

კომპანია ,,ინტერიერის" ხელმძღვანელი საჩივარში აღნიშნავს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის პასუხები სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს და იგი იმის დასტურია, რომ 13 500 ლარად სამუშაოების შესაძლებლობა კომპანიას გააჩნია.

დავების განხილვის საბჭოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, 24 ნოემბერს განხილვა ჩატარდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები