ახალი ამბები
სოფელი ცხავერი ზამთარში - ბავშვების გარეშე (PHOTO/VIDEO)
სოფელ ცხავერთან ახლოს ცხირეთის ციხეა. ქართლის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციიდან ხელის გულივით შიდა ქართლის ვაკე ჩანს. ამ ციხეში იმყოფებოდა ლუარსაბ მეორე, როცა თევდორე მღვდელმა ოსმალებს გზა აურია, სხვა გზით წაიყვანა და მეფისათვის თავი გასწირა.

1250 მ სიმაღლეზე მდებარე სოფელ ცხავერში დღეს 40-მდე ოჯახია რეგისტრირებული. სახლების ნახევარი დაცარიელებული და დანგრეულია. მას შემდეგ, რაც სოფელში დენი გაიყვანეს, მიწების რეგისტრაცია დაჩქარდა. სოფლის შესასვლელში კი, სახელმწიფომ ახალი მიწების გაყიდვაც დაიწყო.

ცხავერში ბავშვები ზაფხულობით აჰყავთ. ზამთარში კი, მხოლოდ 9 კომლი ცხოვრობს. თუ გზა გახსნილია, საახალწლოდ ღორის დაკვლაზეც მოდიან სტუმრად ქალაქელები - გვითხრა უნარა ჯინიყაშვილმა, რომელიც სოფელში მარტო ცხოვრობს და საქონელს უვლის.

,,რა ვქნა, სამსახური ბარში არ მაქვს, ძირითადად, აქ ვარ. ცოლ-შვილი ქალაქში მყავს. მე აქ მესაქონლეობას მივდევ. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება რა არი? საქონელს დილით დაუყარე, საღამოს დაუყარე. თუ გაქვს არაყი, დალიე და დათვივით წამოგორდი" - ამბობს უნარა ჯინიყაშვილი.

მისი თქმით, უარეს დღეში ცხავერის ზემოთ მდებარე სოფელი გოსტიბეა, სადაც, ამჟამად 12 კომლი ცხოვრობს.

,,დამირეკავენ ხოლმე. თუ ვინმე მოდის ურალით, პური ან რამე პროდუქტი გამოატანეო. ჩვენი ტრანსპორტი ეგაა. კვირაში ერთხელ შეშაზე მიმავალი ურალი თუ გაივლის" - გვიყვება უნარა ჯინიყაშვილი.

2002 წელს სოფელში 33 ადამიანი ცხოვრობდა. აქედან, 82% ეთნიკურად ოსი ეროვნების მოქალაქეები იყვნენ. ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა სოფელი დატოვა.

70 წლამდე ქალბატონი თამარ ბესტავაშვილი-ქარქუსაშვილი სოფელ საყავრედან ცხავერში გათხოვდა. საყავრე, ასევე, მთის სოფელია მდინარე ტანას ხეობაში. სოფელში 10-მდე დეკეულს და ღორებს უვლის. საკუთარი შრომით სახლში ზამთრისთვის პროდუქტები მომარაგებული აქვს - ლობიო, კარტოფილი, ყველი.

,,ერთ რამეს ვთხოვ მთავრობას. მოიყვანონ წყალი იმ ადგილზე, სადაც მოდიოდა. ძროხებს რა დავალევინო" - ამბობს თამარ ბესტავაშვილი.

სოფლის შესასვლელში ჯერ კიდევ 1933 წელს დამონტაჟებული ონკანი გაუქმებულია. წყლის მილი გადაჭრილია და, შესაბამისად, ონკანის გვერდით მდებარე წყლის საგუბარი დაცარიელებული. ამ რკინის საგუბარში საქონელი წყალს სვამდა.

როგორც ირკვევა, სასმელი წყლის რეაბილიტაციის დროს, სოფლის რამდენიმე ადგილას ონკანები ერთმანეთს მილებით დააკავშირეს. ერთ ონკანში თუ მოუშვებ წყალს, მეორე ონკანი იკეტება. ამის შესახებ ცხავერის მოსახლეობამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გოსტიბესკენ მიმავალ გუბერნატორს და გამგებელს შესჩივლა. ცხავერელებს ერჩივნათ, რომ სამშენებლო კომპანიას ონკანები პარალელური მილებით დაეკავშირებინა.

ორი წლის შემდეგაც მდგომარეობა არ გამოსწორებულა.

სოციალურ სიდუხჭირეს კიდევ ერთი მცხოვრები ციალა თაბუაშვილი განიცდის. ბოლო რვა თვეში მამამთილი და მეუღლე დაეღუპა მიყოლებით.

,,ეს დიდი მანქანები როცა დადის, მაშინ თუ ამოგვიტანენ ფქვილს, ზეთს, შაქარს. მაგათ ვაბარებთ ხოლმე, სკოლა აქ არ არის, საბავშვო ბაღი აქ არ არის. ამიტომ, სოფელში არც ერთი ბავშვია. თუ რამე სასწრაფო დაგვჭირდება, ფეხით უნდა ჩახვიდე სოფელ ახალციხეში" - ამბობს ციალა თაბუაშვილი.

ცხავერიდან ახალციხემდე 4 კმ-ია, ხოლო რაიონულ ცენტრამდე, კასპამდე - 22 კმ. შემოდგომიდან ცხავერი-გოსტიბეს გზის კაპიტალური მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები გაზაფხულიდან განახლდება და 15 კმ გზის ახალი საფარი ოფიციალურად მომავალ წელს გაიხსნება.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები