ახალი ამბები
კასპის მიკრობიოლოგიურმა ქარხანამ ქვეყნის მასშტაბით 1500 ტონა სასუქი უკვე გაყიდა
დღეის მდგომარეობით კასპის მიკრობიოლოგიურ ქარხანამ ქვეყნის ბაზარზე 1500-მდე ტონა სასუქი გაყიდა.

ამის შესახებ საწარმოს დირექტორმა დავით კუპრავამ სოფლის მეურნეობის მინისტრს განუცხადა.

მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სასუქების ქარხანა გუშინ დაათვალიერა.

მიკრობიოლოგიური საწარმო ,,ჯეოფერტი" რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საწარმოში, რომელიც ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებითაა აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიული, ჰუმინური, ორგანო-მინერალური სასუქები იწარმოება.

ქარხნის დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიაში წარმოებული ბიოლოგიური სასუქები მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. წარმოების პროცესში მინისტრმა მას დახმარება აღუთქვა.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება მდგრად პრინციპებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია აგრარული წარმოების გაზრდა, ხოლო, მეორე მხრივ, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, ორგანულ წარმოებას განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სასიხარულოა, რომ ეს შეიძლება ქართულ სასუქებზე, ქართულ საწარმოო საშუალებებზე დაფუძნებით მოხდეს. ამ კუთხით საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გადის გერმანიაში, თურქეთში, ყაზახეთში, ბულგარეთში. მოლაპარაკების პროცესი გვაქვს კიდევ არაერთ ქვეყანასთან. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, 1500 ტონაზე მეტი სასუქი უკვე რეალიზებულია და ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა დავით კუპრავამ.

საწარმოში დღეისათვის 120 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 65 ადგილობრივია. კომბინატის სრულ საწარმოო სიმძლავრეებზე გასვლის შემდეგ დამატებით 250 სამუშაო ადგილი შეიქმნება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები