ახალი ამბები
გორის მეხუთე და პირველი ბრიგადები ერთიანდება
დღეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამხედროები მეხუთე ბრიგადიდან დაითხოვეს, თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური გამოეხმაურა.

პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნული პროცესი თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული ოპტიმიზაციის პროცესს არანაირად უკავშირდება.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ის ვითარება, რაც საღამოს 18 საათზე ფოტოზეა დაფიქსირებული, ბრიგადის წევრების გათავისუფლებას არ ნიშნავს.

,,სამხედროები საღამოს 18 საათისთვის ტოვებენ ბრიგადას და მიდიან სახლში, მეორე დღეს ისევ ბრუნდებიან. ისინი არავის გაუთავისუფლებია" - აცხადებს პრეს-სამსახური.

მისი განმარტებით, ყოველდღიურად ასე ხდება. ყაზარმაში მხოლოდ კონტინგენტის 30% რჩება.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტრომ 2500-მდე სამხედრო პერსონალის გათავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა, თამარ გორთამაშვილის განცხადებით, ეს აღნიშნულ ბრიგადას არ უკავშირდება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ მეხუთე ბრიგადა უქმდება.

,,მეხუთე და პირველი ბრიგადა ერთიანდება, გაერთიანება არ ნიშნავს ვინმეს გათავისუფლებას" - განმარტავს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

რედაქციისგან: არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, (თუ ეს ასეა) შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ბოდიშს უხდის მკითხველს და, რა თქმა უნდა, იმ სამხედროებს, ვინც მეხუთე ბრიგადაში მსახურობს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროდან, ჯამში, 2500 პირი დაითხოვეს.

შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო პირები:
1. ოფიცერი - 217
2. სერჟანტი - 123

სულ 340 სამხედრო. აქედან 209 ოფიცერმა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა. ხოლო კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით:

• ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი -10 ათასი ლარი.
• კაპიტანი - 14 ათასი ლარი
• მაიორი -18 ათასი ლარი
• ვიცე-პოლკოვნიკი - 23 ათასი ლარი
• პოლკოვნიკი - 29 ათასი ლარი.

მათ შორის სამოქალაქო ოფისიდან:

1. შტატგარეშე - 400
2. შტატიანი - 1350
სულ 1750 სამოქალაქო პირი.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე შეიმუშავა სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმა." - აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.

მინისტრის აზრით, რეფორმის მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს.

ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა, შედეგად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით, დაიზოგა 389 556 ლარი, რომელიც მინისტრის და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა. მრჩევლების შტატი გაუქმდა გენერალურ შტაბსა და ქვესტრუქტურებშიც. რის შედეგადაც მთლიანობაში 1 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიზოგა.

2016 წელს, თავდაცვის სამინისტროს 670 მილიონიან ბიუჯეტში 67% მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო 33 % ტექნიკის, ტყვია-წამლის და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი:

,,რაც არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატოს სტანდარტით, ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-დან 53 %-მდე განისაზღვრება. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორებისა და ექსპერტების ყველა რეკომენდაცია, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, სწორედ ბიუჯეტის დაბალანსების და ეფექტურად განკარგვის საკითხს ეხება." - იუწყება თავდაცვის სამინისტრო




Print

სტატიის გამოყენების პირობები