ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან სოფელ ღოღეთში ვიზის ლიბერალიზაციას აფასებენ
,,წლების წინ ნანატრი ოცნება საქართველოს აუხდა ამით"

ასე აფასებს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთის მკვიდრი ნონა ხორგუანი უვიზო მიმოსვლის შემოღებას.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში 2014 წლის მონაცემებით 122 ადამიანი ცხოვრობს.

მდინარე ღოღურას ნაპირზე გაშენებული დასახლება ზნაურის რაიონს ესაზღვრება, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტოლებს.

ნონ ხორგუანი ამბობს, რომ სინამდვილე რეალობად იქცა და ეს ფაქტი, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია.

ამავე სოფელში მცხოვრები თამაზ ნოზაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ვერ გამოიყენებს.

,,ჩვენ მაინც ვერ წავალთ ევროპაში, ისევ ხელისუფლების წარმომადგენლები შეძლებენ მოგზაურობას" - ასე ფიქრობს თამაზ ნოზაძე.

,,მე მოხარული ვიქნები, თუ კიდევ მეტი და მეტი სიკეთე მოყვება ამ ფაქტს საქართველოსთვის" - აცხადებს ნონა ხორგუანი.

გუშინ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა გაზაფხულიდან ევროკავშირის 22 ქვეყანაში, (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი ) 4 არაწევრ (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია ) და ოთხ კანდიდატ ქვეყანაში (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია) შეეძლებათ.

ხანგრძლივობა, 180 დღის მანძილზე, 90 დღეა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები