ახალი ამბები
საგაზაფხულო სამუშაოები სოფელ ხურვალეთში
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო.

კერძო ტრაქტორები მიწის ნაკვეთებს უკვე ამუშავებენ.

ადგილობრივების განცხადებით, ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთის დამუშავება 50 ლარი ჯდება. 

..ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ. ზოგი ნაკვეთი შემოდგომით დამუშავდა, მაგრამ ზოგს გაზაფხულზე ურჩევნია დამუშავება" - ამბობს ნუგზარ მუზაშვილი.

ის აპირებს, რომ  ძირითადად მარცვლეული დათესოს, რადგან უწყლობა ისევ მოსალოდნელია:

,,სოფელი რომ კარგად იყოს, მას წყალი აუცილებლად ჭირდება. ამ მინდვრებზე ბოსტნეულის დათესვა ვერ მოხერხდება, რადგან წყალი ჭირს" - აცხადებს იგი.



ადგილობრივი მკვიდრი არაუნი თავგაზაშვილი გვეუბნება, რომ შემოდგომით მთავრობის დახმარებით მიწების ნაწილი მოიხნა.

,,მიუხედავად ამისა, ფულს მაინც ვუხდიდით" - ამბობს იგი. მისი თქმით, თუ გადავხედავთ ნაკვეთებს, ადვილი მისახვედრია, ვინ შეძლებული და ვინ გაჭირვებულია.

,,გადახედეთ ნაკვეთებს, ზოგს ისევ მოსახნავი აქვს. ჭირს მაინც თანხის გადახდა" - აცხადებს ის.

სოფელი ხურვალეთი ტირიფონას არხით ირწყვება, თუმცა, ეს არხი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ ტერიტორიიდან იღებს სათავებს.

ამ არხში ცხინვალის მთავრობა წყალს, მხოლოდ, მაშინ უშვებს, თუ ხურვალეთის მოსახლეობა ნებას დართავს, წყალი ოსური სოფლებისკენ გაატაროს.

თუმცა, გამოსავალი არსებობს: ნადარბაზევის წყალსაცავი.

,,შარშან, წყალსაცავიდან მოდიოდა წყალი, მაგრამ ყველას არ ყოფნიდა. სულ რიგები, სულ დაპირისპირება იყო" - აცხადებს იგი. 




Print

სტატიის გამოყენების პირობები