ახალი ამბები
თამაზ შიოშვილი ვიცე-მერობაზე ორი კვირა ფიქრობდა
ქალაქ გორის მერის ვიცე-მერად თამაზ შიოშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აწ უკვე ყოფილ პარლამენტარს თანამდებობა ორი კვირით ადრე შესთავაზა.

შიოშვილმა ჯირკველიშვილს დადებითი პასუხი, მხოლოდ, ორი კვირის შემდეგ აცნობა.

,,ის კაცი არის პოლიტიკოსი, ერთი მოწვევის პარლამენტი გამოიარა, გორელია. ვიცი, რომ გორი ძალიან უყვარს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჩვენი გუნდი ძალიან ენდობა" - განუცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

თამაზ შიოშვილი ,,ქართული ოცნების" გუნდის ერთგული წევრი 2016 წლის ზაფხულიდან გახდა, როდესაც საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა.

ის ჯერ ,,თავისუფალი დემოკრატების" შიდა ქართლის ორგანიზაციის ლიდერი იყო, რომელსაც ირაკლი ალასანიამ რეგიონი ჩააბარა და გორის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

საერთო ყრილობაზე თამაზ შიოშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს მომავალი ,,თავისუფალ დემოკრატების" გამარჯვებაზე იყო დამოკიდებული.

მოულოდნელად, შიოშვილმა ,,თავისუფალი დემოკრატები" დატოვა და ,,ქართულ ოცნებას" შეუერთდა. ის ,,ქართული ოცნებიდან" წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატს თემურ ხუბულურს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში დაეხმარა.

პარალელურად, ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გორის მაჟორიტარ კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა.

ქალაქის მერი ამბობს, რომ თამაზ შიოშვილმა ,,ქართული ოცნების" გუნდს დიდი დახმარება გაუწია.

,,ჭეშმარიტი გუნდის წევრები არ იწყებენ დახმარებას იმ ნიშნით, რომ აუცილებლად თანამდებობაზე დაინიშნონ" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები