ახალი ამბები
ცხინვალიდან 90-იან წლებში დევნილებმა ახალი ბინები მიიღეს
გიორგი კასრაძე, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად, წლებია ერთ ოთაში ცხოვრობდა.

მისი საცხოვრებელი ბინა ტურბაზის შენობაში იყო განთავსებული.

90-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ ხის კედლებისგან გაკეთებული სახლი დღეს მიატოვა.

წმინდაწყალზე ხუთსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ოროთახნია, გარემონტებული ბინა მიიღო.

ჯამში ახალი ბინები 29 დევნილ ოჯახს გადასცეს.

მათ გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ჩააბარეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

ბინების გადაცემის ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრნენ.





მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორპუსის ეზოში ხეები დარგეს და დევნილ ოჯახებს ბზის ნერგები აჩუქეს.

ხუთსართულიან კორპუსში არსებული ბინები, გორში, ე. წ. ტურბაზის ჩასახლებაში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, კრიტერიუმების გარეშე გადაეცათ.

აღნიშნული კორპუსები 2005-2006 წლებში თავდაცვის სამინისტრომ ოფიცრებისთვის ააშენა, თუმცა, ვერ დაამთავრეს.

ისინი დევნილთა სამინისტროს ორი წლის წინ გადაეცა.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 565 358 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე დასაქმებულთა 70%-ს დევნილები შეადგენდნენ.

ამ ეტაპზე, გორში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2017 წელს დასრულდება და ახალ ბინას კიდევ 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები