ახალი ამბები
ნიქოზელებს ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ მინისტრი ესაუბრა
70-წლამდე ასაკის ნიქოზელი დავით მახათაძე დღეს მინისტრთან შეხვედრაზე მიიწვიეს.

ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გულდასმით უსმენდა.

დავით მახათაძისთვის ცნობილი გახდა, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მიეცემა.

თუმცა, 28 მარტის შემდეგ, მახათაძე არა თუ საქართველოდან, არამედ ნიქოზიდან გასვლასაც არ აპირებს.

,,გაზაფხული მოვიდა, ხეხილს მოვლა ჭირდება, უნდა გავსხლა, მერე შევწამლო" - გვითხრა მან, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მის მიერ მოყვანილ ხილს ევროპის ბაზარზე ვერ გაიტანს.

,,მე არც ევროკავშირში წამსვლელი ვარ და არც არსად. მე ვთხოვ მაგათ, რომ უხარისხო პესტიციდები აკრძალოს. ჭიანი ვაშლი ვის რად უნდა?" - ამბობს სტუმრების მასპინძელი.

გასულ წელს, ხეხილის ბაღი რამდენჯერმე შეწამლა, თუმცა, მოსავალი მაინც უხარისხო მიიღო.

,,აქ იმ ხალხზე კი არა მაქვს საუბარი, ვინც არაფერს აკეთებს. იმ ხალხს უნდა დახმარება, ვინც ბაღს უვლის. ერთხელ შევწამლე, ორჯერ შევწამლე, სამჯერ შევწამლე, მაგრამ ჭია ვერ გავაგდებინე" - გვითხრა მან.

დავით მახათაძემ თავის გულისტკივილი მინისტრსაც გაუზიარა. დელეგაციის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობას აუხსნეს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, სწორედ, იმ პუნქტების დაცვასაც ითხოვს, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა გულისტკივილს გამოთქვამს.

ეს, სწორედ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციებს ეხება, რომელიც, ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, ადგილობრივ ბაზარზე, როგორც შხამ-ქიმიკატებს, ასევე, პროდუქციის ხარისხსაც ამოწმებს.

,,სიმბოლურია რომ დღეს აქ, მავთულხლართებიდან რამდენიმე მეტრში ვსაუბრობთ უვიზოდ გადაადგილებაზე. მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის სარგებელზე,, რომელიც სულ მალე ამოქმედდება საქართველოს მოქალაქეებისთვის. სიმბოლურია, რადგან ადამიანებს ამ სოფლებში და ადამიანებს მავთულხლართების მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სულ რამდენიმე მეტრში თავისუფლად გადაადგილდნენ, ესტუმრონ ახლობლებს, ნათესავებს, იმუშაონ საკუთარ მიწებზე." - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ეს შესაძლებლობა გამყოფი ხაზის ორივე მხარის მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს.

ამ დროს ჩვენ ევროკავშირისგან ვიღებთ უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას ათასობით კილომეტრზე, ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების საშუალებას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ეს არის რეალური განსხვავება ოკუპაციის სახესა და თავისუფალ, განვითარებულ ქვეყანას შორის, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ და რომელიც გვინდა, ასევე შევთავაზოთ მავთულხლართების იზოლაციაში მყოფ ადამიანებს. ეს არის ის ხელშესახები სარგებელი, რომლითაც ყველა მოქალაქე ისარგებლებს - ჩვენ გვაქვს მზაობა, მავთულხლართების მეორე მხარეს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთ ასევე გავუზიაროთ ეს სარგებელი, მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ყველა ის სიკეთე, რომელიც თან სდევს თავისუფალ გადაადგილებას" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები