ახალი ამბები
ერგნეთში გააპროტესტეს ცხინვალში დაგეგმილი არჩევნები და რეფერენდუმი
დღეს, 8 აპრილს, სოფელ ერგნეთში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. 

გამყოფი ხაზის სიახლოვეს შეკრებილმა მოქალაქეებმა, ცხინვალში 9 აპრილისთვის დაგეგმილი, საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორი რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრი " ერგნეთი" და მისი წევრები იყვნენ. 

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის არჩევნები არალეგიტიმურია.

,,არჩევნები ლეგიტიმურად ითლება იმ შემთხვევაში, როდესაც მასში მონაწილეობას მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებს. დღევანდელი რეალობა კი ისაა, რომ ცხინვალიდან და მიმდებარე სოფლებიდან გამოდევნილია მოსახლეობის დიდი ნაწილი." - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

აქციას დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი ციცინო ბაბუციძეც შეუერთდა. ის ერგნეთში სპეციალურად მივიდა, რათა თავისი პროტესტი გამოეხატა.

პოეტი ციცინო ბაბუციძე ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წმენდა უნდა დაგმოს, ხოლო ეთნიკურ ოსებთან ურთიერთობა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს და არა ომით.

ერგნეთში შეკრებილი მოქალაქეების პროტესტი ცხინვალში დაგეგმილმა რეფერენდუმმაც გამოიწვია. არჩევნების პარალელურად, მოსახლეობაში პლებისციტი ტარდება.

კერძოდ, დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვის ინიციატივით, ,,სამხრეთ ოსეთს" შესაძლოა ,,ალანია" ეწოდოს. 

ლია ჩლაჩიძის თქმით, ამ შემთხვევაში ისტორიის გაყალბებასთან გვაქვს საქმე, რადგან ისტორიული ,,ალანია" კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ,,ალანიის" სახელის მინიჭების საკითხი გუშინ გორის უნივერსიტეტში ისტორიკოსებმა და პოლიტოლოგებმაც გააპროტესტეს.

ცხინვალის მთავრობა არჩევნებისთვის მაინც ემზადება. თიბილოვის მთავრობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 40 ათასი ბიულეტენი დაბეჭდილი აქვს. არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს - ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. სამივე მათგანი ადგილობრივი მთავრობის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელია.

ისინი საქართველოს აგრესორ ქვეყნად მიიჩნევენ და მის მთავრობას ეთნიკურად ოსი მოქალაქეების წმენდაში ადანაშაულებენ, როგორც 90-იან, ასევე, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების კონტექსტში. 

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნები საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს.

ფოტორეპორტაჟი

Print

სტატიის გამოყენების პირობები