ახალი ამბები
ოთხი ადამიანი გორის ბაზრის საერთო ტუალეტში ცხოვრობს
გორის ყოფილი აგრარული ბაზრის საერთო ტუალეტში ოთხი ადამიანი ცხოვრობს.

მათ შორის, 8 თვის ორსული ქალია, რომელიც ბავშვს მაისში ელოდება.

მისი მეუღლე, წარმოშობით ფლავისმანელი სოსო აზალაძე, მეორე დღეა, ტუალეტში და-ძმამ ნაზი და თამაზ საათაშვილებმა შეიფარეს.

ნაზი საათაშვილი საერთო ტუალეტში მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის, ძმასთან ერთად, ქუჩაში აღმოჩდა, ტუალეტი საცხოვრებლად გადააკეთეს.

თამაზ საათაშვილი ანთებული ღუმელით ღამის საათებში გორის ქუჩებში მოძრაობს და ნაგვის ურნებიდან პლასტმასის ბოთლებს აგროვებს.

ნაზი საათაშვილი კი, მძიმედაა დაავადებული. 

საათაშვილების ცხოვრება

ნაზი საათაშვილს ორი ძმა ჰყავს. და-ძმები გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. მათი დედა წლების წინ გორის ბაზრის ტუალეტში მუშაობდა.

დედის გარდაცვალების შემდეგ ტუალეტში მუშაობა ნაზიმ დაიწყო. სოფელში სახლიც დაენგრათ. ერთი ძმა დასუფთვების სამსახურში მუშაობს, მეორე ძმა ბაზარში ტვირთების გადატანით  დაკავდა.

გორში სადგურის დასახლებაში ერთსართულიანი სახლი იქირავეს, სადაც მათთან ერთად კიდევ შვიდი ადამიანი ცხოვრობდა.

ამ სახლში ცხოვრობდნენ ნაზი, თამაზი და გია საათაშვილები. გია საათაშვილს მეუღლე ჰყავს, რომელთანაც ექვსი შვილი გაუჩნდა. ის, ამჟამად, მეშვიდე ბავშვს ელოდება.

ერთი წელია მერია 10 ადამიანს თვეში ბინის ქირას 100 ლარს უხდის.

ერთ ოთახში 10 ადამიანი ვერ მოთავსდა. ცოლ-შვილიან ძმასთან კონფლიქტის გამო ნაზიმ და თამაზმა მერიისგან ნაქირავები სახლი მიატოვეს და ტუალეტში გადავიდნენ საცხოვრებლად.

სოსო აზალაძე და მისი ფეხმძიმე მეუღლე

სოსო აზალაძე ნასამართლევია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეუღლე შეირთო. მასთან ამჟამად შვილს ელოდება. რვა თვის ორსულ მეუღლესთან ერთად სახლიდან გააგდეს.

თავშესაფარს ხან კომბინატის დასახლებაში, ხან რკინიგზის სადგურზე ეძებდა, საბოლოოდ, ნაზი საათაშვილმა ორივე ტუალეტში შეიფარა.

სოსო აზალაძე ურიკას თამაზ საათაშვილისგან თხოულობს ხოლმე და ტვირთების გადაზიდვაზე მუშაობს. მამამისიც ამ საქმეზე მუშაობდა ბაზარში.


ტუალეტის შესასვლელში ღუმელი დგას. ბაზარში დატოვებული ხის ნარჩენებით ათბობენ. ერთი საწოლი დგას. საბნებს კი, ღამით ძირს, ცემენტის იატაკზე შლიან და ისე იძინებენ.











Print

სტატიის გამოყენების პირობები