ახალი ამბები
სამშენებლო კომპანია სოფელ ქვახვრელიდან ,,გაიქცა"
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდან კომპანია ,,არქიკულტურას" წარმომადგენლები საბოლოოდ ,,გაიქცნენ".

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს.

გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის, რეზო გოგიაშვილის თქმით, ,,არქიკულტურა" შავ სიაში უკვე მოხვდა, ხოლო მისი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია.

,,ავამოქმედეთ ჩვენ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. კომპანიას გამგეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუწევს, დაახლოებით 90 ათასი ლარის" - ამბობს რეზო გოგიაშვილი.

სასმელი წყლის პროექტი, რომელიც 2016 წლის 24 ივნისს დაიწყო და 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დასრულებილიყო, ქვახვრელში არ შესრულდა.

,,არქიკულტურამ" ამ ხნის განმავლობაში 800 000 ლარი ,,აითვისა". პროექტის ღირებულება კი, დაახლოებით 880 000 ლარი იყო. 

,,რაც შეეხება ამ დროისთვის შესრულებულ სამუშაოების ხარისხს, ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით" - გვითხრა იურიდიული სამსახურის უფროსმა.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, სოფელში ორ ადგილას მილები გადასაბმელი დარჩა, ხოლო სისტემას, ძირითადად, მრიცხველების დამონტაჟებაღა ჭირდება. 

საქმე იმაშია, რომ ,,არქიკულტურას" ვადა გამგეობის მხრიდან რამდენჯერმე გაუგრძელდა. ბოლოს, დაახლოებით 100 000 ლარი თებერვალ-მარტში გადაურიცხეს.

როგორც აღმოჩნდა, ეს თანხა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების საჩივრის საფუძველზე, ავტომატურად  მოიხსნა, რადგან არც ამ უწყების დაკვეთით ჩატარებული სამუშაოები აღმოჩნდა სრულყოფილი.

2016 წლის დასაწყისში კი, არქიკულტურას ამბროლაურის რაიონის გამგეობაც უჩიოდა, რადგან სოფელ სადმელში სასმელი წყლის პროექტი 80%-ით შეუსრულებია. იმ პერიოდში ამბროლაურის რაიონის გამგეობის იურიდიული სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, ,,არქიკულტურა" შავ სიაში არ შეიყვანეს და, მხოლოდ, გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. 

რაც შეეხება მუშახელს, სოფელ ქვახვრელში დასაქმებულ ადგილობრივებს ბოლო კვარტლის ხელფასები არ მიუღიათ.

ქვემოთ ვიდეო არქივი:

ქვახვრელი, 2017 წლის მარტი




2017 წლის იანვარი, სოფელი ქვახვრელი



2016 წლის დეკემბერი, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლისა და გამგებლის კამათი



Print

სტატიის გამოყენების პირობები