ახალი ამბები
ფეხმძიმე ბარბარე კევლიშვილის ტრაგედია დახვრეტის მოლოდინში - კასპის რაიკომის მდივნის საქმე
1937 წლის ზაფხულში ქალაქ კასპს სასმელი წყალი გაუყვანეს.

სისტემა არ ამუშავდა. შინსახკომმა გამოძიება დაიწყო.

პარტიის კასპის რაიოკომის მდივანი ბარბარე (ვარვარა) კევლიშვილი 1937 წლის 7 ივლისს დააპატიმრეს. 

ტროიკამ 1937 წლის 11 სექტემბერს განაჩენი გამოიტანა - დახვრეტა, ოღონდ, ,,პროტოკოლს" მინაწერი გაუკეთეს: ,,არის 5-თვის ფეხმძიმე, სასჯელი გადაიდოს..."

1938 წლის 19 თებერვალს ციხის საავადმყოფოში მშობიარე ქალი შეიყვანეს.

მორიგე ექიმი ლუბა ორდენიძე 50 წლის შემდეგ გაზეთ სოფლის ცხოვრებაში (1988 წელი) წერს:

,,არასოდეს დამავიწყდება ვარვარა კევლიშვილის კდემამოსილი, განაწამები სახე, არაადამიანური წამებით უგრძნობ მდგომარეობაში რომ შემოიყვანეს ციხის საავადმყოფოში... მე არ ვიცნობდი იმ ქალბატონს, მაგრამ როცა შემოიყვანეს, ფაქტიურად უგონოდ, უკვე სეფსისით დაავადებული, სულყველა ავიშვიშდა, ქალები იცნობდნენ და ყველამ გაკვირვება გამოხატა, ამას მაინც რაღა უნდა აქ, რატომ დაიჭირესო." - წერს ციხის საავადმყოფოს თანამშრომელი.

ციხის ექიმი, ახალგაზრდა კაცი ძალიან დიდი ყურადღებით მოეკიდა საქმეს, ძალიან თბილად ექცეოდა, არასდროს დაუტოვებია და თავზე ედგა პაციენტს.

რაღაც მომენტში ვარვარა კევლიშვილი აზრზე მოსულა...

,,იცით, ყველაზე საშინლად რაზე ნერვიულობდა? სთხოვეს, რომ დაეწერა თავისი თანამშრომლების სია. ეს სია რომ დაწერა, ეტყობა კამერაში დაბრუნებულს უთხრეს, ის იმიტომ დაგაწერინეთ, რომ მათაც განიხილავენ, როგორც შენი ორგანიზაციის წევრებსო და სულ ამის შესახებ ბოდავდა თურმე - ნუთუ ისინიც დავღუპეო.... იმ ღამით გარდაიცვალა" - ციხის საავადმყოფოს თანამშრომლის ჩანაწერები.



შინსახკომის ოფიციალური ბრალდება

1937 წლის 11 სექტემბერს ბარბარე კევლიშვილი გაასამართლა შინსახკომის სამეულმა.

სამეულის სხდომაში მონაწილეობდნენ - ს. გოგლიძე, შ. წერეთელი, ი. ტალახაძე, სხდომის მდივანი ა. მოროზოვი.

მომხსენებელი იყო კოვალჩუკი, ბრალად დაედო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრობა და რომ იგი 1935წ. გადაიბირა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრმა პროკოფი კირვალიძემ, რომელთან ერთადაც კასპის რაიონში ჩამოაყალიბა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია.

პირადად, ვარვარამ გადაიბირა 7 ადამიანი. იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაიონში, პირადად ხელმძღვანელობდა მთელი ორგანიზაციის ძირგამომთხრელ კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას. მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია.

როგორც აღმოჩნდა, საქმე შეთითხნული აღმოჩნდა. საბჭოთა საქართველოს სამხედრო პროკურატურამ ის ადამიანები დააპატიმრა, რომლებმაც ბარბარე (ვარვარა) კევლიშვილის საქმეს იძიებდა.

კასპის სასმელი წყლის მოუწესრიგებელი სისტემა ინჟინრის შეცდომა აღმოჩნდა.



ბარბარე (ვარვარას შვილის), დინას წერილში ვკითხულობთ შემდეგს:

„ეხლა მოვდივარ პროკურატურიდან, სადაც მე ვიყავი გამოძახებული დედაჩემის საქმეზე. დამიბარა სამხედრო პროკურორმა - მაიორია და მკითხა, ვინ არის თქვენი ვარო კევლიშვილი, შემდეგ პირდაპირ - რატომ თქვენ აქამდის განცხადება არ შემოიტანეთო. მე ვუთხარი, რომ მამის განცხადებაში იყო აღნიშნული ეგ საქმე მეთქი. მან მითხრა, რომ მას ზევიდან ისედაც დავალებული აქვს ამ საქმის გადათვალიერება, მაგრამ საჭიროა, ამავე დროს, ვინმე ახლო ნათესავების განცხადებაცო. მე შევეკითხე, თუ რატომ იძიებს სამხედრო პროკურატურა ამ საქმეს მეთქი და მითხრა, რომ მას ისეთი მუხლი ჰქონდა წაყენებული, რომ ეს ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ - შეთითხნილია ტერორისტული აქტის საქმეო, ე.ი. ვითომო, დედათქვენს ვიღაც ოფიციალური პიროვნება უნდა მოეკლაო. როდესაც მან პაპკა გადაშალა, იქ დედაჩემის ხელნაწერი მომეჩვენა და ძალიან ცუდად გავხდი. ისე, რომ იმ კაცს წყალზე სირბილი მოუხდა. გამოუძიებია ის, რომ თურმე დახვრეტა გადაუწყვეტიათ, მხოლოდ იქვეა მიწერილი - ავადმყოფობის გამო შეჩერდესო, შემდეგ ამ კაცს დაუკითხია ის პირნი - არ დაასახელა ვინ. როგორც სჩანდა, ეხლა სხედან ისინი, ვინც უშუალოდ იძიებდნენ მაშინ ციხეში მის საქმეს. ეს კაცი მაიორი - ქართველია, ძალიან სიმპატიური კაცი მეჩვენა. მე თუმცა ცუდად ვიყავი, მაგრამ მაინც ვკითხე - ვინ შეთითხნა მეთქი ეგ ბრალდება. მას გაეღიმა და მითხრა - არავინო, თავიანთი გაკეთებულიაო - არ ვიცი შინსახკომმა თქვა თუ, ვინ, განცხადება დავტოვე და რამდენიმე ხანში ის კაცი დამიბარებს კიდევ. მე ვფიქრობ რომ ისე აღარ ავღელდები და შევეკითხები, ყველაფერს, რაც მაინტერესებს....“


დაპატიმრებული მეუღლე

კასპის რაიოკომის მდივნის დაპატიმრებიდან ერთ თვეში დააპატიმრეს მისი მეუღლე დანიელ ასლიბეკოვიც:

„1937 წელს დააპატიმრეს ჩემი ცოლი კევლიშვილი ვარვარა, კასპის რაიკომის ყოფილი პირველი მდივანი. ხოლო ერთი თვის შემდეგ დამაპატიმრეს მე. გამასამართლა სამეულმა და მომისაჯეს 10 წელი, რადგან ჩემ ცოლს, როგორც პარტიის მოღალატეს ვიცავდი და მხარს ვუჭერდი. დაპატიმრებამდე ბინა გვქონდა სამი ოთახით (65კვ), დაპატიმრების შემდეგ, კი ორ, დიდ ოთახს კონფისკაცია გაუკეთეს და ჩვენი პატარა გოგონა ბებიასთან ერთად დატოვეს ერთ, პატარა, ბნელ ოთახში, 17კვ.მ-ში. გათავისუფლების შემდეგ, მე მივმართე შესაბამის ორგანოებს, რათა დაებრუნებინათ ჩემთვის ოთახები (თუნდაც ერთი ოთახი), ან სხვა ბინა მოეცათ, მაგრამ ვერაფერს ვერ მივაღწიე, მის შემდეგ ვცხოვრობთ ზემოთ ხსენებულ ერთ ოთახში. მინდა მოგმართოთ თხოვნით, დამიბრუნოთ ჩემი ოთახები. ვიმედოვნებ, რომ მას შემდეგ რაც ჩემმა ოჯახმა გადაიტანა, სამართალი იზეიმებს და ჩემი თხოვნა დაკმაყოფილდება, მით უმეტეს რომ ვითხოვ იმის ნაწილს, რაც მეკუთვნის. 21 დეკემბერი 1970წელი“.




ბესიკ ნიპარიშვილი, კასპის სკოლა-გიმნაზიის ხელმძღვანელი, ამ სკოლაშია გახსნილი ოკუპაციის მუზეუმი, სადაც კასპის რაიკომის მდივანის მოკლე ისტორია ინახება.


მასალის მომზადებისას გამოყენებულია IDFI-ს მასალები
Print

სტატიის გამოყენების პირობები