ახალი ამბები
მუშებმა ხელფასის სანაცვლოდ ტრაქტორი ,,მძევლად" დაიტოვეს
კომპანია ,,არქიკულტურას" კუთვნილი ტრაქტორი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ,,მძევლად" დაიტოვეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში განუცხადეს.

სასმელი წყლის პროექტი (ჯამური ღირებულება 887 000 ლარი) დაუმთავრებელი დარჩა.

კომპანიის წარმომადგენლები სოფლიდან ,,გაიქცნენ", ხოლო დასაქმებული ხალხის ხელფასიც არ გადაიხადეს.

თითო ადამიანს დაახლოებით 1000-1200 ლარი აქვს ასაღები. სულ 15-მდე მცხოვრები იყო დასაქმებული.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი რეზო გოგიაშვილი ამბობს, რომ არქიკულტურასგან ჯარიმის თანხა 93 ათასი ლარი დაიბრუნა.

,,სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო შეამოწმებს განხორციელებულ სამუშაოს, შეაფასებს, თუ რა რაოდენობის სამუშაო შესრულდა, რამდენი დარჩა და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ" - აცხადებს რეზო გოგიაშვილი.

სასმელი წყლის პროექტი სოფელ ქვახვრელში 2016 წლის 24 ივნისს დაიწყო და უნდა დამთავრებულიყო 2016 წლის 24 დეკემბერს.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამუშაოს ვადა რამდენჯერმე გადასდო და ფაქტობრივად საბოლოოდ 3 მარტს უნდა დასრულებულიყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები