ახალი ამბები
ზურაბ ჯირკველიშვილი: ,,ძაღლების თემაზე რატომ ძაბავთ სიტუაციას?"
,,მწირი ბიუჯეტის ფონზე, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ეს პრობლემა მოაგვაროს, ხვალვე დავნიშნავთ თავშესაფრის დირექტორად" - ეს განცხადება ქალაქის მერმა ,,ლაივსტრიმის" დროს მოქალაქის დასმულ შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ადგილობრივმა მკვიდრმა თეა მრულიშვილმა ქალაქის მერს შეკითხვა პირდაპირი ტრანსლაციის დროს ,,ფეისბუქის' საშუალებით დაუსვა. საქმე ქალაქის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლების მომრავლების ფაქტს ეხება. 

ჯირკველიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში, კონკრეტული პროექტი გახდება საჯარო, რომელიც არა მარტო ქალაქში, არამედ, შესაძლოა, რეგიონის მასშტაბით აღნიშნული პრობლემის შემსუბუქებას მოემსახურება.

ამ პროექტით, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დონორებთან წარსდგებიან დაფინანსების მისაღებად.

ააიპ ,,გორის მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი" 3 წელია ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე ძაღლების რაოდენობა მომრავლდა.

თავშესაფრის დირექტორი თამარ აფციაური ამბობს, რომ არა მარტო რეგიონიდან, არამედ, საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ძაღლებს მოქალაქეები გორში ტოვებენ.

,,ეს იმ იმედით კეთდება, რომ გორში თავშესაფარი არებობს და ამ ძაღლებს აქ ვინმე მოათავსებს. თავშესაფრის ფუნქცია არაა ძაღლების დატყვევება. ძაღლების დიდი ნაწილი ქალაქში სტერილიზებულია. შეგვიძლია, ყოველ დილით, ქალაქის გასასვლელთან ნახოთ, თუ რამდენ ძაღლს უშვებენ მანქანებიდან და ტოვებენ. მაქსიმალურად, ვცდილობთ, რომ არც ერთი ძაღლი დარჩეს შეუმოწმებელი" - ამბობს თამარ აფციაური, თავშესაფრის დირექტორი.

მისი თქმით, თავშესაფარში, მხოლოდ, ის ძაღლები რჩებიან, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია, ან კიდევ, მკურნალობა ესაჭიროება.  

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი აცხადებს, რომ ქალაქში ძაღლების სიმრავლე, სწორედ, თავშესაფრის არსებობამ გამოიწვია:

,,იყო შემთხვევები, როდესაც ძაღლები მოჰყავდათ ბათუმიდან და ქუთაისიდანაც კი. ჩაუტარებენ მკურნალობას თავშესაფარში, მაგრამ უკან აღარ მიჰყავთ. ეს ძაღლები რჩება ქალაქში" - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

მისი აზრით, ბევრი ცხოველთა დამცველი თავშესაფრის არსებობით სარგებლობს. კერძოდ, ერთ-ერთი სქემის მიხედვით, სხვადასხვა ადამიანები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ძაღლების ფოტოებს შემდეგი ინფორმაციით, რომ ამ ძაღლს ესაჭიროება დახმარება. მოქალაქეები ურიცხავენ თანხებს. შემდეგ ეს ძაღლი თავშესაფარში მიჰყავთ, სადაც მკურნალობას ბიუჯეტის ხარჯზე უტარებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები