ახალი ამბები
აჩაბეთის სახლის გასაღები (VIDEO)
დიდი ლიახვის ხეობის სოფელ აჩაბეთიდან დევნილი დედა-შვილი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებს, ახლა, ფოტოებში ათვალიერებს.

ნონა ჭულუხაძეს და ლელა მაზმიშვილს კადრები ცხინვალელმა ნათესავებმა გამოუგზავნეს.

ეზოში მდგარი ნაძვების წყალობით, ნონა ჭულუხაძემ მშობლიური სახლის კედლები იცნო.

დღეს, ამ სახლის გასაღები გორში ინახება და, სავარაუდოდ, ერგნეთის მუზეუმში გამოიფინება. 

მუზეუმის გახსნა აგვისტოში იგეგმება.

გასაღები აჩაბეთიდან ლელა მაზმიშვილის პაპამ წამოიღო. სოფელი მან 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვა. ომის შემდეგ, კიდევ, 7 წელი იცოცხლა, თუმცა, იმედი, რომელიც აცოცხლებდა, აუხდენელი დარჩა.



გასაღებს, პაპისა და მშობლიური სახლის მოსაგონებლად, ლელა მაზმიშვილი ინახავს.

პაპამ და გასაღებმა აჩაბეთიდან მძიმე გზა გაიარეს.

,,მამა ოსი იყო, დედა - ქართველი. როდესაც უკვე სოფელი დაიცალა, მამაჩემი ფიქრობდა, საით წაისულიყო - ცხინვალისკენ თუ გორისკენ. ცხინვალისკენ ძმები და გოგო ჰყავდა, ჩემი და ცხინვალშია გათხოვილი. გორისკენ კი, მეორე შვილი და თანასოფლელები. ბოლოს, აირჩია ის ხალხი, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა. მძიმე გზა გაიარა. საქონელი და ფრინველი ეზოში გაუშვა, საკვები დაუყარა და ჩვენი ოთახის გასაღები წამოიღო" - იხსენებს ნონა ჭულუხაძე.  



სახლში და მის ეზოში გადაღებული ფოტოები შემონახულია. ლელა პაპასთან გადაღებულ ფოტოებს, გასაღებთან ერთად, ინახავს.

სამწუხაროდ, ეზოში დატოვებული ბებიის საფლავის ქვა ვერ გადარჩა. წინაპართა საფლავები საომარ მოქმედებებს გადაურჩა, თუმცა საფლავის ქვა, სახლის კედლებთან ერთად, განადგურდა.

,,დედაჩემი 2007 წელს გარდაიცვალა. მოხდა ისე, რომ საფლავის ქვა მომდევნო წელს გავამზადეთ, თუმცა, საფლავზე მიტანა ვერ მოვასწარით" - ამბობს ნონა ჭულუხაძე.




ავტორი: ნინო ჩიბჩიური

Print

სტატიის გამოყენების პირობები